“უმრავლეს შემთხვევებში, გამოყენებული ძალა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მოსაგერიებლად, იყო თანაზომიერი ანუ პროპორციული“

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ, მინისტრები მედიასთან კომენტარებს აკეთებენ. თეა წულუკიანმა, 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მიმართულებაზე იმსჯელა და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. მან განაცხადა, რომ გადადგომები არ იგეგმება.
„არსებობს ე.წ. პროპორციულობის ტესტი, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს როდესაც იყენებს ძალას თითოეულმა სამართალდამცველმა და არა კოლექტიურად პოლიციამ, არამედ ინდივიდუალურად პოლიციის და სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელმა, თითოეულ ინდივიდუალურ შემთხვევაში. ამ ტესტის ნაწილია, მიზანი, რისთვისაც გამოიყენებოდა ეს ძალა. იყო თუ არა ეს მიზანი ლეგიტიმური. ამაზე ცალსახად პასუხია, რომ მიზანი რისთვისაც ძალა იქნა გამოყენებული იმ ღამეს იყო ლეგიტიმური. კერძოდ, ლეგიტიმური იყო მიზანი იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც აქციამ მშვიდობიანი სახე დაკარგა და რამდენიმეჯერადი შეტევა იქნა პარლამენტზე მიტანილი, ამ შეტევაზე მოგერიების მიზანი არის ლეგიტიმური, არა მხოლოდ ჩვენი კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტის მიხედვით. ამის შემდეგ დგება პროპორციულობის შემოწმების პროცესი. ის საშუალება, რომელიც იქნა გამოყენებული ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, იყო თუ არა ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში თანაზომიერი, ანუ პროპორციული. თუ მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გნებავთ, იუსტიციის მინისტრი, ვიმსჯელებ იმ ვიდეოკადრებით, რაც ყველამ ერთად (მრავალი მათგანი ლაივში, შესაბამისად დამონტაჟების რისკი და საფრთხე იქ არ არსებობს), ვნახეთ, რომ აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევებში, გამოყენებული ძალა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ანუ სახელმწიფო ინსტიტუტზე შეტევის მოსაგერიებლად, იყო თანაზომიერი ანუ პროპორციული. სხვათა შორის, ამას პირველი დღიდან ამბობდა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომ არის ცალსახად არაერთი შემთხვევა, მერე რა რომ ეს შემთხვევები არის უმცირესობა იმ მრავალი შემთხვევებიდან, ეს არაფერს არ ცვლის. იყო შემთხვევები, როდესაც არის სერიოზული კითხვები ეს ტესტი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გამოყენებული იქნა ძალა ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იყო თუ არა პროპორციული. მაგალითად, როდესაც ადამიანი, მართალია დგას კიბეზე და ჩვენ შეიძლება გვეჩვენება, რომ ის მონაწილეობს შტურმში, იქ გამოძიებამ უნდა დასვას სწორი კითხვები, რომ ეს ადამიანი კი იდგა კიბეზე, მაგრამ რა ფორმით მონაწილეობდა შტურმში. შეიძლებოდა თუ არა მისთვის ხელის მოკიდება და გამოყვანა თუ გარდაუვალი იყო მაგალითად რეზინის ტყვიის გამოყენება, ან გაზის გამოყენება.
მე გუშინ ძალიან ყურადღებით ვუსმენდი ჩემს კოლეგას, არ ვიცოდი წინასწარ რას იტყოდა და მან თქვა ასეთი რამ – თუ მე მაკრიტიკებენ, ეს იყოს ჩემი ტვირთი, მაგრამ ჩემი მიზანი არის, რომ გავაგრძელო სტაბილურობის უზრუნველყოფა, თუმცა, მე არ ვარ ჩაბღაუჭებული სავარძელს. ვიღაცას ამის გაგონება არ უნდა. პირდაპირ გიპასუხებთ – გადადგომები არ იგეგმება.
გულწრფელი პროტესტი გასცდა მშვიდობიან ფარგლებს, სამართალდამცველმა ორგანოებმა, ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად, ქვეყანაში ქაოსის, შეჭრების, და ა.შ. მოსაგერიებლად, რაც ლეგიტიმური მიზანია და ამისთვის გვყავს პოლიცია, თუ არადა პოლიცია არ უნდა გვყავდეს – გამოიყენეს ძალა. უმრავლეს შემთხვევაში, ეს ძალა იყო ლეგიტიმური მიზნის პროპორციული, ანუ აქ ტესტი მგონია, რომ შესრულებულია და ადამიანის უფლებების დარღვევა უმრავლეს შემთხვევაში არ არის და ამას გულისხმობდა პრემიერი, როდესაც თქვა, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს კითხვები არ აქვს. მაგრამ კითხვის ნიშნები არის და სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება, ინდივიდუალურ შემთხვევებში, იყო თუ არა ძალის გადამეტება ანუ, ტესტი დარღვეული, რა შემთხვევაშიც უნდა ვისაუბროთ ადამიანის უფლებების ინდივიდუალურ დარღვევაზე.
მე ვფიქრობ რომ, იმ ძალებს , ვისაც სურს რომ დაიშალოს მთავრობა, მოირღვეს ხელისუფლება, აქვს სხვა გეგმები, ეს გეგმები ვერ შესრულდება.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები