მაია ცქიტიშვილი: საქართველოში, სამწუხაროდ, პარლამენტის შტურმის შედეგად ხელისუფლება ორჯერ შეიცვალა

„საქართველოში, სამწუხაროდ, უკვე იყო ისეთი ვითარება, როდესაც ორჯერ, სწორედ პარლამენტის შტურმის შედეგად მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ძალადობრივი გზით“, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ორივე შემთხვევა, როდესაც პარლამენტის შენობაზე შტურმი განხორციელდა, რასაც ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა, შს სამინისტროს მხრიდან აღკვეთილი არ ყოფილა.
მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას დაადასტურა, რომ იგი შს მინისტრს, გიორგი გახარიას მხარს უჭერს.
„კიდევ ერთხელ მინდა, დავუდასტურო შს მინისტრს ჩემი მხარდაჭერა. პირველ ყოვლისა, მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ საქართველოში სამწუხაროდ, უკვე იყო ისეთი ვითარება, როდესაც ორჯერ, სწორედ პარლამენტის შტურმის შედეგად მოხდა ხელისუფლების შეცვლა, ძალადობრივი გზით. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ იყო შს სამინისტროს მხრიდან აღკვეთილი პარლამენტზე შტურმის შემთხვევა მაშინ, როდესაც 2019 წლის 20 ივნისის ღამეს სწორედ პოლიციის ქმედებების შედეგად მოხდა იმ აგრესიული მომიტინგეების შეჩერება, რომლებსაც მიზნად ჰქონდათ სწორედ პარლამენტში ძალადობრივი შეღწევის გზით ხელისუფლების გადატრიალება და დამხობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ პოლიციის ქმედებასთან დაკავშირებით არ არსებობს კითხვა პოლიციის მიერ ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ყველა თანხმდება, როგორც ადგილობრივი, ისე – საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ჩვენი პარტნიორები, რომ პოლიციას ჰქონდა უფლება ძალა გამოეყენებინა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები