ქეთევან ციხელაშვილი: შესაბამის სტრუქტურებთან ერთად ვართ ჩართული, რათა ენგურის ხიდზე უკანონო შეზღუდვა მოკლე ვადებში მოიხსნას
“ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას” – ასე ეხმაურება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვას.
როგორც ქეთევან ციხელაშვილმა განმარტა, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე.
„ჩემთვის ახლა მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ ადამიანების ინტერესებზე ზრუნვა, რომლებიც ამ უკანონო შეზღუდვით ყველაზე მეტად ზარალდებიან. შესაბამისად, ყველა სხვა შესაბამის სტრუქტურასთან ერთად ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ვართ ჩართული, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოიხსნას.
ჩვენ უკვე გუშინდელი დღიდან გვაქვს კომუნიკაცია ყველა ფორმალური თუ არაფორმალური არხით. მათ შორის ჩვენი პარტნიორების მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა და წუხილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აქვს, ახალგაზრდების გადაადგილებას უკავშირდება, მათ მონაწილეობას ეროვნულ გამოცდებში. განათლების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა გალელ აბიტურიენტებს არ ჰქონდეთ შეფერხება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში წვდომაზე. მინდა დავაიმედო მოსახლეობა და დავარწმუნო, რომ ყველა ნაბიჯი ახლაც და შემდგომაც, განსაზღვრული იქნება მათი ინტერესების მიხედვით და მათ დასახმარებლად მაქსიმალურს გავაკეთებთ. პოლიტიკურ შეფასებებს ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ, ახლა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ისაა, რომ მოსახლეობის ინტერესები არ დაზარალდეს და ყველაფერი ვცადოთ, რათა უკანონო შეზღუდვა მაქსიმალურად მოკლე ვადაში გაუქმდეს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.