“ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, ნიკანორ მელიამ თავისუფლება გირაოს გადახდით უკვე მეორედ მოიპოვა
“ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, ნიკანორ მელიამ თავისუფლება გირაოს გადახდით უკვე მეორედ მოიპოვა. პირველად მან 25 ათასი ლარი გადაიხადა, ამჟამად კი 30 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკანორ მელიას მიმართ გირაო უკვე მეორედ გამოიყენა. მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილება, 7 წლის წინანდელი გირაოსგან განსხვავებით, 5000 ლარით გაიზარდა და დღეს ის 30 000 ლარით განისაზღვრა. ეს თანხა მან 20 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკანორ მელიას საპატიმრო ელოდება.
აღსანიშნავია, რომ 7 წლის წინ იმავე სასამართლომ . „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე ბრალდებულ ნიკანორ მელიას გირაო 25 ათასი ლარით განუსაზღვრა.
2013 წლის 20 იანვარს საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა:
„თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულების ზურაბ ადეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შეფარდების თაობაზე, ხოლო ჯამბულ ებანოიძის, რომან ჩხენკელის, მამუკა ლაშხიას, ოთარ აგლაძესა და ნიკანორი მელიას მიმართ გირაოს გამოყენების თაობაზე. სასამართლოს განჩინებით, ჯამბულ ებანოიძეს გირაოს თანხად 30 000 ლარი, რომან ჩხენკელს 15 ათასი ლარი, მამუკა ლაშხიასა და ოთარ აგლაძეს 8-8 ათასი ლარი, ხოლო ნიკანორ მელიას 25 ათასი ლარი განესაზღვრათ“, – ნათქვამია განცხადებაში.
სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდე, შს სამინისტრომ 2012 წლის 17 დეკემბერს განცხადება გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო „დანაშაულებრივ“ სქემას იძიებდა, რომელიც წინა ხელისუფლებამ შეიმუშავა სხვადასხვა სამინისტროს, მათში შემავალი სტრუქტურებისა და ქვედანაყოფების, პარლამენტის მონაწილეობით და რომელიც მიმართული იყო “ბანკი ქართუს” გაკოტრებასა და მისთვის ფინანსური ზიანის მიყენებაზე.
2011 წლის ოქტომბრის ბოლომდე საქართველოს კომერციული ბანკები იმ სისტემით მუშაობდნენ, რომელიც საშუალებას აძლევდა მათ, იპოთეკით დატვირთული ქონების სანაცვლოდ გაეცათ სესხები, ძირითადად, ეს უძრავ ქონებას ეხებოდა და ბანკის გარანტირებულ ინტერესს ნებისმიერ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭებოდა. თუმცა, 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ეს წესები შეიცვალა, რის შედეგადაც, საგადასახადო დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, სახელმწიფოს უფლება მიეცა აუქციონის წესით გაეყიდა იურიდიული პირების ქონება მიუხედავად იმისა, რომ ეს ქონება ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით იყო დატვირთული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ, ამ ცვლილებების განხორციელების შემდეგ, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა – ზურაბ ადეიშვილმა, შემოსავლების სამსახურის მაშინდელი უფროსის, ჯაბა ებანოიძისა და კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირის დახმარებით, სქემა შეიმუშავა მთავრობასთან ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ბიზნესმენის მონაწილეობით, რომლებსაც საკრედიტო დავალიანება გააჩნდათ “ბანკ ქართუში”, და რომელთაც უნდა ეღიარებინათ არარსებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფოს მიმართ. ამის შემდეგ, იმ ქონებას, რომელიც ბანკის მიერ იპოთეკით იყო დატვირთული, გაიტანდნენ აუქციონზე, სადაც მყიდველი არ დაფიქსირდებოდა. შემდეგ კი ეკონომიკის სამინისტრო, პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასებში გაყიდდა სხვა კომპანიებზე, რომლებსაც სინამდვილეში აკონტროლებდნენ ამავე ქონების ყოფილი მეპატრონეები. ამ გზით, ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს ქონებაც არ ეკარგებოდათ და ამ დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობით, უუქმდებოდათ “ბანკი ქართუს” საკრედიტო დავალიანება, რომლის უზრუნველყოფას სწორედ იპოთეკით დატვირთული ქონება წარმოადგენდა“, – განაცხადა შსს–მ.
“ქართუს” გაკოტრების სქემაში ჩართულნი იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ზურაბ ადეიშვილი. ერთ-ერთი ბრალდებული კი, ნიკანორ მელია იყო, რომელიც 2010 –2012 წლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს ჯერ უფროსი და შემდგომ თავმჯდომარე იყო.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ნიკა მელიას 2013 წლის იანვარში, ბრალი წარედგინა სსკ 232¬ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ასევე წარედგინა ბრალი სსკ 25-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს ქონების დამალვაში დახმარებას და ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
„ქართუ ბანკის“ გაკოტრების მცდელობის საქმის განხილვა სასამართლოში რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. განხილვის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 25 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
ამჟამად, ნიკანორ მელიას ბრალად ედება: ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნიკანორ მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
„იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულმა ნიკანორ მელიამ გირაოს პირობები და დამატებითი ვალდებულებები დაარღვია, მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო შესაძლოა, შეიცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით“, – ნათქვამია სასამართლოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.