გია ვოლსკი: სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი, ნიკა მელია ციხეში იჯდეს

„სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი, ნიკა მელია ციხეში იჯდეს“, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი მოსამართლის გადაწყვეტილებას, რის თანახმადაც ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ნიკა მელიას პასუხისმგებლობა მოეხსნა.
„სასამართლოს პარლამენტი ვერ ჩაანაცვლებს. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ არის აუცილებელი, ის ციხეში იჯდეს. ეს არ ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას. მისი პასუხისმგებლობის განსაზღვრა პარლამენტის უფლებამოსილება არ არის. რა უხარიათ ჩვენს ოპონენტებს, ვერ გავიგე მაშინ, როცა მათი სასამართლო ასეთ გადაწყვეტილებებს საერთოდ არ იღებდა. 2 წუთში უდანაშაულო ხალხს ასამართლებდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, მოსამართლემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებულ წევრს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობასა და ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობას, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები