ირაკლი სესიაშვილი: სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკოსების მხრიდან არანაირ რევიზიას ექვემდებარება

“სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების საკითხი.
მისივე განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკოსების მხრიდან არანაირ რევიზიას ექვემდებარება.
„გუშინ გვაბრალებდნენ, რომ ჩვენს კოლეგას ვიჭერდით, რეალურად, იქ იყო იმ პრივილეგიის მოხსნა, რომ წარედგინათ სასამართლოს წინაშე მელია. დღეს სასამართლოს სხდომამდე მთელი ოპოზიცია აცხადებდა, რომ ეს არის ხელისუფლების მონა-მორჩილი სასამართლო და მიიღებს გადაწყვეტილებას, მელიას დააკავებენ, თუმცა ნახეთ, რომ სასამართლოზე ჯანსაღად გაიმართა მსჯელობა. სასამართლომ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ცხადია, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. პირველ ყოვლისა, საზოგადოებას სჭირდება პასუხი, რა მოხდა 20 ივნისს. ჩემი აზრით, პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს როგორც იმ ადამიანებისა, რომლებმაც აგრესია გამოავლინეს, ასევე, იმ ადამიანებისა, რომლებიც აგრესიულად მოქმედებდნენ. კოლეგიალურად ძნელია ასეთი გადაწყვეტილების მიღება, თუმცა უფრო რთულია იმ კადრების ნახვა, როცა შენს კოლეგას, რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრია, ბრალად ედება არეულობის ხელმძღვანელობა, ეს არის მძიმე ბრალდება“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები