სოფო კილაძე: სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია

„სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია“, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებაზე.
ამასთან, სოფო კილაძის შეფასებით, ის მოსამართლის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.
„სასამართლომ იმსჯელა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე და მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა იყოს გარანტირებული. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლემ, ხელისუფლების დამოუკიდებელმა რგოლმა მიიღო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა შემთხვევაში მას პატივს ვცემთ.
ჩვენთვის მთავარი იყო, რომ ადამიანის უფლებები, მათ შორის – ჩვენი ოპონენტებისა, ყოფილიყო სრულად დაცული. მე მგონია, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სწორედ მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანის უფლებები დაცულია“, – განაცხადა კილაძემ.
ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თემურ გოგოხიამ მიიღო.
ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე, მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები