სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპუტატ ნიკა მელიას 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თემურ გოგოხიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს დღეს მიმართა. პროკურატურა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა. ამასთან, საქართველოს პარლამენტმა გუშინ თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ იკვეთებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ნიკანორ მელიას მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.