ლადო ბოჟაძე პროპორციულ სისტემაზე: ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დაპირება კანონად აქციოს

“ხელისუფლებას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადაწყვეტილების აღსრულება გაუჭირდება, თუ არ იქნა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შანსი საზოგადოებამ ხელიდან არ უნდა გაუშვას.
„ თქვენ იცით, რომ ყველა ოპოზიცია ყველა ხელისუფლებას ყოველთვის სთხოვდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე. ახლა, პოლიტიკური კრიზისის დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სწორი გადაწყვეტილების გახმოვანება ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და გაუჭირდება ამ გადაწყვეტილების აღსრულება, კონსტიტუციურ ჩანაწერად გაფორმება, თუ არ იქნა საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა. ვხედავთ, რომ განსხვავებული პოზიციები აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „პატრიოტთა ალიანსს“.
ნუ ვიხმართ სიტყვას – „ნულოვანი“ ბარიერი იმიტომ, რომ შეიძლება, საზოგადოებას შთაბეჭდილება დარჩეს, თითქოს, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც საარჩევნო ბიულეტენში იქნება, პარლამენტში მოხვდება. ჩვენ ვსაუბრობთ ბუნებრივ ბარიერზე, 150 მანდატი ბუნებრივად გამოდის 0, 67 პროცენტი. რა რისკებია ამ თვალსაზრისით: იქნება ბევრი პოლიტიკური პარტია და ვიღაცას შესაძლოა, შთაბეჭდილება დარჩეს, რომ პოლიტიკური პარტიები წარმოდგენილები იქნებიან 2-3 მანდატით და არა, მაინცდამაინც, 50-70-ით. ამას გარკვეული რისკები შეიძლება, ჰქონდეს. ეს რისკები, ბუნებრივია, არსებობს, თუმცა, არის ბევრი პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ აქვს საკმარისი რეიტინგი, რომ გადალახოს 3- ან 5 %-იანი ბარიერი, მაგრამ ჰყავს საკუთარი მხარდამჭერები, მყარი ელექტორატი. კარგი იქნება მათი ხილვა პარლამენტში. მაგალითად „გირჩი“, დავით უსუფაშვილის პარტია, კახა კუკავას პარტია, ბევრი სხვა პარტია, რომელიც გაამდიდრებს პოლიტიკურ ცხოვრებასა და პარლამენტს . ასევე, აქ მნიშვნელოვანია, რომ ეს არის ერთჯერადი გადაწყვეტილება და ყველა პარტიას 2020-ში, ასევე, ექნება ამოცანა, შეეცადოს, გაძლიერდნენ, გამოიყენონ საპარლამენტო ტრიბუნა, რომ 2024 -ში შეძლონ 5-%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა. ვის შეიძლება, ეს არ აწყობდეს – პირველ ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობას“. თუ ოპოზიციური ხმები გაიყოფა და ბევრი პოლიტიკური პარტია გადაინაწილებს „ანტიქართული ოცნების“ ხმებს, ბუნებრივია, ამით წაგებული „ნაციონალური მოძრაობა“ დარჩება.
ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 6 ხმა აქვს პარლამენტში და მათ პოზიციას შეიძლება, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, ვიდრე, იგივე, „ევროპული საქართველოს პოზიციას“, რომელსაც 21 ხმა აქვს. როგორც გითხარით, შეუძლებელი იქნება, ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე „ქართულმა ოცნებამ“ თავისი დაპირება , გაცხადებული პოზიცია აქციოს კანონად.
გარდა ამისა, ვმუშაობთ ეუთო-ოდირის სხვა რეკომენდაციებზე, რომლებიც გაცემული იქნა როგორც საპრეზიდენტო, ისე – საპარლამენტო არჩევნების შემდგომ და, რა თქმა უნდა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შანსი საზოგადოებამ ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ხელისუფლება თანახმაა, საქართველოში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართოს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები