დიმიტრი ხუნდაძე: მძიმეა, კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი, მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება

დამერწმუნებით, რომ ბოლო 4 დღე საკმაოდ მძიმე იყო ჩვენი ქვეყნისთვის. პრაქტიკულად, ჩვენ დავდექით სახელმწიფოს და საზოგადოების უსაფრთხოების ზღვარზე, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას და სახელმწიფო ინსტიტუციური საკანონმდებლო ორგანოს ძალისმიერი დაკავების მცდელობას.

,,სამართლიანი და გულწრფელი აქცია ვერ დასრულდა მომიტინგეთა, ჟურნალისტთა და სამართალდამცავთა ზიანის გარეშე. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება გვეხილა ჩვენ, რომ ადამიანებმა დაკარგეს თვალი. ორი ადამიანი არის რეანიმაციულ განყოფილებაში. ადგილი ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუციის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ძალისმიერი დაკავების მცდელობას. ადგილი ჰქონდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, რასაც შესაძლოა, უფრო მძიმე შედეგი მოეტანა. ადგილი ჰქონდა საქართველოს შიდა და გარე მტრების მათი გეგმის განხორციელების მცდელობას, ვფიქრობ, დღეს უფრო ობიექტურად უნდა შევაფასოთ ვითარება და არა მხოლოდ ჩავრჩეთ ემოციებში. მძიმეა, რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე. მე ძირითადი პროფესიით ისევე, როგორც აკაკი ზოიძეს ჰქონდა თავისი პროფესიული ემოცია ისევე, როგორც ადამიანური, ჩემი პროფესია არის ექიმობა. მე არაერთხელ მქონია სიტუაცია, როცა ადამიანის სიცოცხლე, მისი ჯანმრთელობა გადამირჩენია და დღესაც ვხედავ, რომ პოლიტიკაშიც მომიწია იმ სიტუაციასთან პირისპირ დგომა, როცა ადამიანის სიცოცხლე დადგა საფრთხის ქვეშ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების გამო. ნიკანორ მელიას დაჭერას კი არ ვაძლევ მხარს ან ხმას, ეს არ არის ჩემი საქმე, აქ არის საუბარი მისი იმუნიტეტის დროებით შეჩერებაზე, რამაც პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ვიღაცამ იმაზე, რაც მოხდა. ჩვენ ვართ სახელმწიფო მართვის სადავეებთან და არა სადღაც სუფრაზე ან ქუჩაში. მე , როცა დღეს ვხედავ ზოგიერთი დეპუტატისგან, ოპოზიციის წარმომადგენლებს ვგულისხმობ, როცა მათგან ხშირად მესმოდა, რატომ არ ვიჭერთ, ესენი დასაჭერები არიან, რატომ ვართ კოჰაბიტაციაში მათთან და დაჭერის ტერმინი ხშირად მესმოდა ყურში, დღეს მათგან სხვას ვისმენ. ჰუმანიზმს , ისევ ჩემს ძირითად პროფესიას მივადგები, მე ვერავინ მასწავლის, მაგრამ პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე იძლევა ვალდებულებას, ძალიან ხშირად, რომ საკუთარი ემოციებიდან და, მითუმეტეს, იაფფასიანი პიარიდან გამოვიდეთ და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რაც არის ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესში. დიახ, მძიმეა ჩემთვის, დღეს დავაჭირო მწვანე ღილაკს, რომ ჩემს კოლეგას მოვუხსნა იმუნიტეტი, მძიმეა ,მაგრამ ეს არის ჩემი გადაწყვეტილება მისი დაჭერის. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ხელი შევუწყოთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ გამოიძიონ. შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ მხოლოდ ნიკანორ მელიას ეკუთვნის ამ საქმეში ბრალი. სწორედაც, რომ სიღრმეში უნდა ჩავიდეს სამართალდამცავი ორგანოები, მე ამას თქვენ მოგიწოდებთ და ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი უნდა დამყარდეს და არა მხოლოდ ემოციებით ვმართოთ ქვეყანა,”- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები