ნიკა მელია: ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი

ვიცი, რომ შევალ ივანიშვილის ციხეში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გამოვალ თავისუფალ საქართველოში, – ამის შესახებ დეპუტატმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც პარლამენტმა განაცხადა თანხმობა, პროკურატურამ მიმართოს სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით.

ნიკა მელიას თქმით, დეპუტატები, რომლებმაც კენჭისყრისას თანხმობა განაცხადეს, ტყვეობაში იმყოფებიან და ისინი უნდა დაიხსნან.

„სიტყვის წარმოთქმას არ ვაპირებდი, ხმის ამოღებასაც არ ვაპირებდი, რომ არა აუცილებლობა. მგონი, ჩემს ძალიან მოკლე სათქმელში ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი და რაც ხდებოდა.ახლა დავრწმუნდი, რომ ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, ამ 91 ადამიანს, უნდა დავიხსნათ ტყვეობიდან. ისინი ნამდვილად არიან ტყვეობაში. გულახდილად ვიგრძენი ის, რომ არ არიან მზად, თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგადაც ღილაკს მიაჭირეს ხელი და რატომ, რადგან ამის სურვილი დიდ ნაწილს არ ჰქონდა. შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს არის უბედურება ამ ქვეყნის, ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის, ყველას უბედურებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შველა გვჭირდება. პოლიტიკურ კლასს, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ სახელისუფლებო გუნდს, განსაკუთრებით სჭირდება შველა. ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ და ტყვეობიდან დავიხსნათ ეს ადამიანები. წარმოუდგენელი იყო, რამდენჯერაც უკან გამოვიხედე, იმდენჯერ თვალი თვალს ვერ გამისწორეს და მეუხერხულებოდა უკვე უკან გახედვა, მუდმივად ვცდილობდი, დრო მომეკლო და ტელეფონში ჩავყავი თავი. მძიმე ატმოსფერო და აურა იყო, თავადაც მიხვდნენ ამ ყველაფერს ჩვენზე კარგად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, თუ სად დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტთან შეკრებილ გულშემატკივრებს შეხვდება და იქ დაელოდება.

„შევალ ჩემს სამუშაო ოთახში, ალბათ შემდგომ გარეთ გავალ, გულშემატკივრები არიან და დაველოდები. ბიძინა ივანიშვილი უკვე დამარცხებულია. იშვიათად ხდება ალბათ ცხოვრებაში, როდესაც თითქოს შენ დაგჩაგრეს, სინამდვილეში საკუთარ თავს გამოუტანეს წერა. ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა ასე ამაყად მეგრძნო თავი. ისევ რომან გოცირიძის გენიალურ ნათქვამს გავიმეორებ, თმის ღერი არ ჩამოვარდება ჩემი თავიდან, ეს არის ფაქტი და თუ ვინმეს აქვს სანერვიულო, ბატონ ივანიშვილს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენი ხნის განმავლობაში მოუწევს ციხეში ყოფნა, ნიკა მელიამ განაცხადა:

„მე ვიცი, რომ შევალ ივანიშვილის ციხეში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, გამოვალ თავისუფალ საქართველოში. კოლეგები სხვადასხვა ოპოზიციური პარტიიდან, მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილი გააგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის. ეს ჟინი ბრძოლის და ამ ბრძოლით თავისუფლების მოპოვების დაუოკებელი სურვილი ევრ ჩაკვდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები