“ვაცნობიერებთ მაღალ პასუხისმგებლობას, რომ ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ, რომ არავის აქვს უფლება, განახორციელოს კანონდარღვევა”

“ვაცნობიერებთ ჩვენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ, რომ ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ, რომ არავის აქვს უფლება, განახორციელოს კანონდარღვევა”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
​მისივე თქმით, პარლამენტის წევრებს ავალდებულებს კანონმდებლობა, კონსტიტუცია და რეგლამენტი, რომ შესწავლის შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება.
„წარმოგიდგენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნას. დასკვნა, რომელიც ჩვენ მივიღეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, 6 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობის შედეგად. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურორმა მომართა საქართველოს პარლამენტს, რომ ჩვენ შევისწავლოთ წინადადება, რომელიც შეეხება სასამართლოსთვის პარლამენტის წევრის, ბატონი ნიკანორ მელიას მიმართ შუამდგომლობის დაყენებაზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული წინადადების საფუძვლიანობა, თუ რამდენად კანონმდებლობის დაცვით იყო წარმოდგენილი აღნიშნული წინადადება, არსებობდა თუ არა დადგენილება, პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ და იყო თუ არა დაცული ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომელიც გათვალისწინებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით.
ჩვენ პირველად განვიხილეთ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან ერთად, საკითხი პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების, იმუნიტეტის შეჩერებასა და შეზღუდვასთან დაკავშირებით და აქამდე ამ საკითხს იხილავდა მხოლოდ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი. ეს ნიშნავს, კოლეგებო, იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ აღნიშნულ საკითხს. ამაზე მეტყველებს ის დეტალური შეკითხვები, რომლებიც ჩვენ მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან, რათა მივსულიყავით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვაქვს თუ არა ჩვენ საკმარისი გარემოებები, მივცეთ ნებართვა საქართველოს გენერალურ პროკურორს, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე პარლამენტის წევრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ჩვენ რამდენიმე საათის განმავლობაში, მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობის“ მაქსიმალური პროვოცირებისა, რომ სიტუაცია დაძაბულიყო, მომხდარიყო ხელჩართული ბრძოლა და მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება, მაქსიმალური პასუხისმგებლობა ვაჩვენეთ. კანონის სრული დაცვით განვიხილეთ საკითხი, შევისწავლეთ საფუძვლიანად იმ ფარგლებში, რასაც ჩვენ კანონმდებლობა გვაძლევს. ჩვენ არ გვაქვს იმის ლეგიტიმაცია, მოვახდინოთ მტკიცებულებების გამოკვლევა. ჩვენ არ ვართ საგამოძიებო კომისია, თუმცა, ამასთანავე, ჩვენ გვაქვს ვალდებულება, კანონის სრული დაცვით შევამოწმოთ ის საფუძვლები, ჰქონდა თუ არა გენერალურ პროკურორს მომართვის უფლებამოსილება. ვაცნობიერებთ რა, ჩვენს ძალიან მაღალ პასუხისმგებლობას, ვაცნობიერებთ რა, რომ რა თქმა უნდა, ადამიანურად ეს არ არის მარტივი საკითხი და ვაცნობიერებთ იმას, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, არავის აქვს უფლება, განახორციელოს კანონდარღვევა. ჩვენ ვიცავთ უდანაშაულობის პრეზუმფციას სრულად, ჩვენ არ შევდივართ განხილვაში, უნდა იქნეს თუ არა კონკრეტული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება. ეს არის სასამართლოს პრეროგატივა. მაგრამ ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, გვავალდებულებს კანონმდებლობა, გვავალდებულებს კონსტიტუცია და გვავალდებულებს რეგლამენტი, შესწავლის შედეგად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამას მოითხოვს სამართლიანობა და ამას მოითხოვს კანონი. ჩვენ დავსვით დეტალური შეკითხვები ყველა საკითხთან დაკავშირებით და მოვითხოვეთ სახელმწიფო ბრალდებისგან პასუხი, არსებობს თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გენერალურმა პროკურორმა მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. ჩვენ მივიღეთ პასუხად, რომ არსებობს არა მხოლოდ კადრები კონკრეტული პირის შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით, არამედ არსებობს ჩვენებები და გარდა იმ კადრებისა, რომელიც ჩვენ ყველამ, საზოგადოებამ ვიხილეთ, გენერალური პროკურორის ინფორმაციით და წარმოდგენილი მოხსენებით, არსებობს ასევე, სხვა ჩვენებები და არსებობს ასევე, საექსპერტო დასკვნები. გარდა ამისა, ჩვენ ვიმსჯელეთ და მოვითხოვეთ პასუხები, თუ რამდენად საჭირო იყო პატიმრობის გამოყენება აღკვეთი ღონისძიების სახით. რა მოხდებოდა, თუკი ჩვენ, კომიტეტი მივიჩნევდით, რომ არ იყო საჭირო ნებართვა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. ჩვენ მივიღეთ კონკრეტული არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაბამისობაშია როგორც ეროვნულ, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონმდებლობასთან და პრაქტიკასთან, რომ იმ გარემოებების საფუძველზე, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ წარმოადგინა, სრულ შესაბამისობაშია ეს გარემოებები როგორც ეროვნულ, ასევე, სტრასბურგის პრაქტიკასთან, მოხდეს მსჯელობა კონკრეტული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შესახებ პატიმრობის გამოყენებაზე. კიდევ ერთხელ, ჩვენი ვალდებულებაა, დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია, თუმცა, ამასთანავე, ჩვენი ვალდებულებაა, ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გენერალური პროკურორის წინადადება არის საფუძვლიანი და ჩვენ დავუჭირეთ მხარი იმას, რომ გენერალურ პროკურორს აქვს უფლებამოსილება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ჩვენ არცერთ განცხადებაში ვაცხადებთ, თუ რა უნდა განახორციელოს სასამართლომ. ეს არის სასამართლოს ლეგიტიმაცია და ჩვენ ამ შეფასებაში არ შევდივართ. ჩვენ ვერ შევალთ სასამართლოს შეფასებაში, ჩვენ ვერ გამოვიკვლევთ დეტალურად მტკიცებულებებს, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ყურადღებით, რამდენიმესაათიანი განხილვის შედეგად, მივიჩნიეთ დასაბუთებულად, რომ გენერალურ პროკურორს აქვს იმის უფლებამოსილება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე, რათა არ შეფერხდეს სამართალწარმოების განხორციელება პარლამენტის წევრის მიმართ. პარლამენტის წევრობა, რა თქმა უნდა, არ არის ის პოზიცია ისევე, როგორც არცერთი პირის პოზიცია ამ ქვეყანაში, რომელმაც შეიძლება, გაამართლოს შესაძლო დანაშაულის ჩადენა. ჩვენ ვაცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას, ადამიანურად ეს არ არის ჩვენთვის მარტივი გადასაწყვეტი, თუმცა კომიტეტმა, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგად, მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ გენერალურ პროკურორს აქვს უფლება, იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე. ჩვენ მოვისმინეთ, ასევე, გენერალური პროკურორის წარმომადგენლის პოზიცია პლენარულ სხდომაზე და დღეს, ახლა საკითხი უნდა გადაწყვიტოს პლენარულმა სხდომამ“, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები