„ეს იყო კონსტიტუციური ინსტიტუციის შტურმით აღების მცდელობა, პრეცედენტი უნდა შეიქმნას სამართლიანი, რათა მომავალში არავის გაუჩნდეს მსგავსი რამის გაკეთების სურვილი“

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით დეპუტატებს სიტყვით მიმართა.
მისი განცხადებით, ახლა პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პროკურატურამ მიმართოს სასამართლოს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ან ამაზე უარის თქმის თაობაზე.
„ცხადია, ვინაიდან კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ნიშნავს იმას, რომ კომიტეტი თვლიდა, რომ ამის შესაბამისი საფუძველი არსებობს. პირველ რიგში ვიტყვი, რომ არც კომიტეტი და არც პარლამენტის პლენარული სხდომა არ არის მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანო და ბუნებრივია ჩვენ დეტალებში, სამართლებრივ კვალიფიკაციის შეფასებებში და ასეთ სიღრმეებში ვერ შევიდოდით. ეს არ არის პარლამენტის ფუნქცია, პარლამენტის ვალდებულება.
პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას, მისცეს თუ არა პროკურატურას უფლება, რათა შემდეგ ამ უწყებამ მიმართოს სასამართლოს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკანორ მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, ან ამაზე უარის თქმის თაობაზე. ეს ხდება რეალურად.
ჩვენ ერთი რამე უნდა გვესმოდეს კარგად, ახლა ის მომენტია, როცა ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას და ჩვენ არ გვაქვს უფლება არასწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს სწორი, თუ როგორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს არის დაკავშირებული თუ მომავალში როგორ განვვითარდებით. ის დღე, ზოგადად არ არის პასუხისმგებლობა ერთი მხარის, სხვადასხვა ეპიზოდებში თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამაც და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ასე ვთქვათ პროვოკაციები მოაწყვეს და ამ ყველაფერს მოჰყვა ეს მძიმე შედეგები.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე სურათი იყო იმ დღეს დილას სხდომათა დარბაზში, ეს იყო ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი და საკმაოდ მძიმედ დაგვიჯდა – პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა, დეპუტატმა მანდატი დატოვა. უნდა ითქვას სიმართლე, რომ როდესაც დაშლა ხდებოდა მომიტინგეების, რომლებიც მომიტინგეები აღარ იყვნენ უკვე და ჯგუფი იყო, რომელიც პარლამენტის აღების მიზნით შეტევაზე გადადიოდა, ამ დროსაც ადგილი ჰქონდა გარკვეულ გადაცდომას დიდი ალბათობით და ამასაც შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის საქმე აქვს აღძრული და აუცილებლად გადაცდომებიც იქნება შესწავლილი.
ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დადგეს ასევე მათი პასუხისმგებლობა, ვინც მოახდინეს ამ დარბევის, პარლამენტში შეჭრის მცდელობის, ამ პროცესების ხელმძღვანელობის, ან თავად იღებდა მონაწილეობას. ჩემდა სამწუხაროდ, მე თვითონ და საზოგადოებამაც დაინახა, რომ ამაში მონაწილეობას ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ეს არის უმძიმესი დანაშაული და თუ მას პასუხი არ გაეცემა, იქნება მძიმე ქვეყნისთვის, სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის, რომელსაც ხვალ შეიძლება ბუმერანგივით დაუბრუნდეს.
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა გამოთქვა სურვილი, წარდგეს პარლამენტის წინაშე და გასცეს ამ კითხვებს პასუხი. ბევრი კითხვა იქნება და სწორედ ამასთან დაკავშირებით არის მინისტრის სურვილი, რომ საზოგადოებაში რა კითხვებიც არის აბსოლუტურად ლეგიტიმური, მოვიდეს და გასცეს პასუხები.
უმძიმეს შემთხვევასთან გვქონდა შეხება, ეს იყო კონსტიტუციური ინსტიტუციის შტურმით აღების მცდელობა. ეს ჩვენ 90-იან წლებში დავტოვეთ. ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რა შეიძლება ამას მოჰყოლოდა. კატასტროფული შედეგი დადგებოდა ქვეყნისთვის. პრეცედენტი უნდა შეიქმნას სამართლიანი და სწორი, რათა მომავალში არავის გაუჩნდეს მსგავსი რამის გაკეთების სურვილი.“ – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები