მამუკა მდინარაძე: პარლამენტი სასამართლოსა და პროკურატურის ფუნქციებს ვერ შეითავსებს

0

“დაისვა შესაბამისი კითხვები, მივიღე პასუხები იმასთან დაკავშირებითაც, რომ არ არცერთი არ არის მონაყოლით გადმოცემული მტკიცებულება, ყველა არის პირდაპირი მტკიცებულება, ყველა არის უშუალო თვითმხილველი და ყველა მიუთითებს უშუალოდ იმ სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რომელიც ბრალად ედება დეპუტატს“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მამუკა მდინარაძემ დღეს, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომისა და სხდომაზე განხილული საკითხის – პარლამენტის წევრ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის შესახებ ისაუბრა.
„დილით ჩვენ ხელში გვქონდა, ფაქტობრივად, მხოლოდ შუამდგომლობა. შუამდგომლობაში იყო არგუმენტები მოტანილი. განმარტებას გავაკეთებ – იქ იყო ფორმალური დასაშვებობის თემებთან მიახლოებული თემები, კარგად მოყვანილი, კვალიფიციურად გასაგებია, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ფაქტია, მხოლოდ ამ შუამდგომლობით, თუ პროკურორი არ გაგვცემდა კონკრეტულ კითხვებზე პასუხს, შეიძლებოდა, საკმარისი არ ყოფილიყო, მაგრამ იმის შემდეგ, რაც პასუხები გაგვცა, ყველაფერი ნათელია. ამისი გადაფარვა მოინდომეს დღეს. სწორედ ამიტომ ვითვალისწინებთ ამ ფორმატს – საკომიტეტო ფორმატს იმიტომ ითვალისწინებს, რომ პროკურორი მოვიდეს და პასუხები გაგვცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკმარისი იქნებოდა, რომ მართლა შემოიტანოს რაღაც ფარატინა ფურცელი და ამასთან დაკავშირებით, პარლამენტმა გასცეს თანხმობა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, საპარლამენტო კონტროლის სტანდარტი გაიზარდა და აღნიშნულ საკითხს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტთან ერთად, განიხილავს იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც. თუმცა, მისივე თქმით, პარლამენტი და მისი შესაბამისი კომიტეტი და დეპუტატები პროკურატურისა და სასამართლოს ფუნქციებს ვერ შეითავსებენ.
„სწორია ის პოზიცია, თუ ვინმე იტყვის ჩვენი მხრიდან ხისტად, რომ სასამართლოს ფუნქციის შეთავსება არის პირდაპირი სპეკულაცია თუ ასეთს ვინმე მოითხოვს, ამას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ გარკვეული სტანდარტის შესახებ კითხვები ალბათ, უნდა დაისვას, იმიტომ, რომ მომავალში, პრეცენდენტი თუ დაინერგა, რომ დეპუტატის მიმართ ვიღაც ითხოვს, რომ მე მაქვს სისხლის სამართლის საქმე, მიდევს და თქვენგან თანხმობა მინდა, ეს თანხმობა ასე მარტივად არ უნდა იქნას მიღებული. ამ შემთხვევაში, შესაბამისი კითხვები დაისვა და კითხვები დაისვა რასთან დაკავშირებით – მაგალითად, თავის დროზე, როდესაც ბრალი წარედგინა ადამიანს, რას დაეფუძნა ეს ბრალი, რა იყო შესაბამისი საფუძველი, რომ გამოტანილიყო მის მიმართ ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის დადგენილება. ჩვენ მივიღეთ პასუხები, რომ ეს იყო მოწმეების ჩვენებები, დამაზუსტებელ შეკითხვაში, რომელიც ასევე მე დავსვი და მივიღე დამაზუსტებელ შეკითხვაში პასუხები იმასთან დაკავშირებითაც, რომ არ არცერთი არ არის მონაყოლით გადმოცემული მტკიცებულება, მოწმეთა ჩვენებაზე ვსაუბრობ, ანუ, ყველა არის პირდაპირი მტკიცებულება, ყველა არის უშუალო თვითმხილველი და ყველა მიუთითებს უშუალოდ იმ სავარაუდო დანაშაულის შესახებ, რომელიც ბრალად ედება კონკრეტულ პიროვნებას, ამ შემთხვევაში, დეპუტატს. ეს ბრალის ნაწილი – რამდენად აქ სტანდარტზეა საუბარია, ამის იქით, სიღრმეებში, ნამდვილად ვერ შევალთ, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არ ვართ სასამართლო. შემდეგ, რამდენად საფუძვლიანია თვითონ მოთხოვნა, რომ პარლამენტმა გასცეს ნებართვა, რომ პროკურატურამ იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ეს არის მსგავსი არგუმენტებით გაჯერებული და ესეც წარმოგვიდგინა პროკურორმა, როგორიც არის, დავუშვათ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე როდესაც არის საუბარი და რა არგუმენტებიც იქ ითქმება ხოლმე, ეს არგუმენტებიც მოიტანა პროკურორმა, მათ შორის, ერთერთი მყარი არგუმენტი ჩემთვის ის აღმოჩნდა, რომ თავის დროზე, ნიკა მელიას აქვს წარდგენილი კონკრეტულ შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით ბრალი, იქ აქვს შეფარდებული გირაო და როგორც წესი, როდესაც გირაოშია ადამიანი და სხვა შესაძლო დანაშაულის შესახებ მას წაუყენებენ ბრალდებას, ათიდან ცხრა შემთხვევაში, მას პატიმრობა შეეფარდება ხოლმე“,- განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი