კახა კალაძე: საქართველოს არცერთ მოქალაქეს რუსეთში და, ამავდროულად, არც რუს ტურისტს არანაირი პრობლემა არ უნდა შეექმნას საქართველოში

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ბოლო დროს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე ემოციურად მძიმე მოვლენებს ჰქონდა ადგილი. როგორც მან დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ პროცესებზე მმართველი გუნდი თავის წილ პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს.
„სამწუხაროა, რომ კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან ძალიან ცუდი ფორმებით, ჩვენი ახალგაზრდების გულწრფელი პროტესტის გამოყენება მოხდა. სამწუხაროა ისიც, თუ როგორ განვითარდა მოვლენები. ძალიან მძიმე სანახავი იყო, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში მოხდა. ამაზე პასუხისმგებლობა ჩვენს გუნდს ეკისრება და ეს კარგად გვაქვს გააზრებული. რეაგირება მყისიერი იყო – პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ღირსეული ნაბიჯი გადადგა და თანამდებობა დატოვა. ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები იმ საღამოს. ემოციურად ძალიან რთულია ამ ყველაფერზე ისაუბრო იმიტომ, რომ მძიმეა სურათი, რაც მივიღეთ. რა თქმა უნდა, ამაზე პასუხისმგებლობა იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს ეკისრებათ, რომლებიც ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს პირდაპირ მოუწოდებდნენ პარლამენტში შევარდნისკენ. ამას სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.
ჩვენ, ასევე, ვნახეთ ცალკეული ეპიზოდები ძალის გადამეტებისა და ამაზე უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს მოკვლევა. პროკურატურაშიც მიმდინარეობს მოკვლევა კონკრეტულ ფაქტებზე და ყველა აგებს პასუხს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგოდ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას, სახელმწიფო გადატრიალებასა და დამხობას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ასევე, დაისჯება ყველა, ვინც ძალას გადაამეტა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
​თბილისის მერი მიმდინარე მოვლენების პარალელურად ტურიზმის განვითარების მნიშვნელობასაც შეეხო. მისი განცხადებით, ეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქვეყნისთვის, შესაბამისად, რა განცხადებაც რუსეთის მხრიდან გავრცელდა, სახარბიელო არ არის.
კალაძის თქმით, არც ქართველებს რუსეთში და არც რუსებს საქართველოში არანაირი პრობლემა უნდა შეექმნათ.
„ჩემი ქალაქისა და ქვეყნისთვის ტურიზმის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას გვიხაროდა, ბოლო წლების განმავლობაში როგორი სტატისტიკაც იყო ტურისტული ზრდის მიმართულებით. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ფაქტი, რომ ტურისტების მიმოსვლა შეიზღუდოს, სამწუხაროა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე, ეკონომიკაზე აისახება. ძალიან მარტივია, გადავხედოთ მონაცემებს – ბოლო წლებში რამდენი სასტუმრო, კაფე-ბარი გაიხსნა, როგორ განვითარდა ჰოსტელები. ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის დამატებითი შემოსავალია. შესაბამისად, ის განცხადებები, რაც რუსეთის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ტურისტებს ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლას აუკრძალავდნენ, ძალიან ცუდია. ქართველებს ეროვნული ნიშნით არანაირი ფობია აქვთ და ამის დასტური ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტოლერანტული ტრადიციაა, რითაც ვამაყობთ. ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს უნდა შეექმნას პრობლემა რუსეთში და, ამავდროულად, არც რუს ტურისტს არანაირი პრობლემა უნდა შეექმნას საქართველოში. როგორც ყველა ტურისტის, ასევე, რუსების უსაფრთხოება დაცული იქნება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა, მისი შესაძლებლობები, ულამაზესი ადგილები მთელ მსოფლიოს გავაცნოთ. გვაქვს ყველანაირი პირობა – მთა, ზღვა, სტუმართმოყვარეობა, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოთი დაინტერესდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები