“ბრიუსელი თუ სხვა დედაქალაქი ევროკავშირს მშვიდობის პროექტად მოიხსენიებენ, არ მგონია, იაზრებდნენ ამის მნიშვნელობას, ზუსტად მშვიდობის პროექტია გამოყენებული იარაღად ხალხის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს, თუ რა მდგომარეობა არის ამ მხრივ.
„ეს არ არის პირველი 31 აგვისტო, 2017 წლიდან მოყოლებული 31 აგვისტო ყოველ წელს არის. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შემდეგ, ყოველ წელს საქართველო ამზადებს ანგარიშს, თუ რა მდგომარეობა არის ამ მხრივ, რამდენად არის შესაბამისობაში როგორც საკანონმდებლო ჩარჩო, ისე მიგრაციული სტატისტიკა იმ მოთხოვნებთან, რომელიც არსებობს უვიზო მიმოსვლის დროს. უპირველეს ყოვლისა, პირობები, რასაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს უვიზო მიმოსვლის ფარგლებში არის, რომ არ შეუქმნას საფრთხე ევროკავშირს მიგრაციული ნაკადების გაზრდის მხრივ, დანაშაულების გაზრდის მხრივ და ა.შ. ამ მხრივ, საქართველოს აქვს ძალიან კარგი მაჩვენებლები, შეიძლება ითქვას, რომ არის სამაგალითოც კი. როგორ ზრუნავს საქართველო იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე მოქალაქეს არ უშვებენ, მაგალითად, ევროკავშირის ტერიტორიაზე, საქართველომ თავისი ხარჯით დაიბრუნოს მოქალაქე ქვეყანაში, რასაც რეადმისია ჰქვია და ამის ხელშეკრულება ცალკე გვაქვს.
ქვეყნებში, სადაც შეიძლება არსებობდეს რისკი, რომ საქართველოს მოქალაქეები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ ქმედებებში, პოლიციის ატაშეების ქსელი აროს შექმნილი, რომელიც ადგილზე სამართალდამცავ ორგანოებს ეხმარებიან. ასე რომ, საქართველო ამ მხრივ, სამაგალითო არის და ანგარიშში, რა თქმა უნდა ასახულია, თუ რა გაკეთდა ამ მიმართულებით. რაც შეეხება თავად ამ საკითხის პოლიტიზებას და სპეკულაციებისთვის გამოყენებას, ეს ძალიან სამწუხარო ტენდენციაა, რასაც ზოგადად ბრიუსელის, თუ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისგან გარკვეული პერიოდი, რამდენიმე წელია ვაკვირდებით. კონკრეტული ქვეყნები თუ ბიუროკრატები ცდილობენ, რომ ევროკავშირის იდეა გამოიყენონ პოლიტიკურ იარაღად, რათა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი სხვა ქვეყნებს თავს მოახვიონ. ამას საქართველოს მაგალითზე ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, კანონები, როგორიც არის ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ, რომელთაც არანაირი კავშირი არ აქვს უვიზო მიმოსვლასთან. ასეთ კანონებთან დაკავშირებით არის მცდელობა, რომ ბერკეტად გამოიყენონ უვიზო მიმოსვლის თემა, რათა საკუთარი პოლიტიკური გემოვნება თავს მოახვიონ ქართველ ხალხს.
ის იდეოლოგია, რომელიც შეიძლება, რომელიმე ქვეყნის რომელიმე ხელისუფლებას ჰქონდეს, მაგალითად ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, უნდათ, რომ აი, ამ ბერკეტის გამოყენებით, ძალით მოახვიონ თავს ქართველ ხალხს. იმ ქვეყნებს, რომლებსაც უნდათ, რომ ფარულად აფინანსებდნენ საქართველოში პოლიტიკას და აფინანსებდნენ დესტაბილიზაციას, სურთ, ეს კვლავ ფარულად გაგრძელდეს. არაერთი ფაქტი არის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებები საქართველოში აფინანსებდნენ პოლიტიკას და დესტაბილიზაციას. ამიტომ იყენებენ ამ ბერკეტს, რომ გამჭვირვალობა არ იყოს უზრუნველყოფილი. ასე რომ, ეს არის ძალიან სამწუხარო ტენდენცია, რომელიც არის ანტიევროპული ტენდენცია ბრიუსელის თუ ზოგიერთი სხვა დედაქალაქის მხრიდან, ევროკავშირის იდეა, მშვიდობის პროექტი ხშირად ამას ამბობენ, მაგრამ არ მგონია, რომ ზოგიერთი იაზრებდეს, რას ნიშნავს მშვიდობის პროექტი, ზუსტად ეს მშვიდობის პროექტი გამოყენებულია იარაღად. ეს არის ოქსემორონი, როდესაც მშვიდობის პროექტს იყენებ იარაღად ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.