ადვოკატი: ნიკანორ მელია მიმალვას არ აპირებს, იგი მზად არის, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს

დეპუტატ ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის ინფორმაციით, “ნაცმოძრაობის” წევრი მიმალვას არ აპირებს და მზადაა, მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს. როგორც მან გენერალურ პროკურატურაში ყოფნისას განაცხადა, ნიკა მელიას მოწოდება აქციაზე არა ბუნტის მცდელობა, არამედ დიდი სამართლებრივი აბსურდია.
„ამ საქმეში პირველივე წუთებიდან არის ძალიან უხეში საპროცესო დარღვევები. ჩვენ გუშინვე გვქონდა კომუნიკაცია პროკურატურასთან და ვთხოვდით, გადმოეცა მტკიცებულებები, რას ეყრდნობა ბრალდება, თუმცა ამ წუთამდე არავითარი მტკიცებულება   გაგვცნობია. ეს იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში გადააგზავნეს სისხლის სამართლის საქმის მასალები და ათასი აბსურდული ბრალდების გამო ითხოვენ დეპუტატისთვის იმუნიტეტის მოხსნას.
ნიკა მელია პირდაპირ მიუთითებდა მშვიდობიანად, კონსტრუქციულად, ხელებაწევით შევიდეთ და გავაპროტესტოთ პარლამენტის ეზოში ის პროტესტი, რაც არსებობდა რუსთაველის გამზირზე, თუ კი ეს არის გადატრიალება, მასობრივი არეულობის ორგანიზება და ბუნტი, დამერწმუნეთ, ეს არის ძალიან დიდი სამართლებრივი აბსურდი.
მე არ ვიცი, რას ეყრდნობა პროკურატურა და აშკარაა, რომ ამ წუთებშიც ფორსმაჟორულ ვითარებაში მიმდინარეობს მტკიცებულებების შეგროვება, თორემ ამ შემთხვევაში ვალდებულები იყვნენ, გუშინვე გადმოეცათ ჩვენთვის მტკიცებულებები. თუკი ეს განცხადებები არის საფუძველი და ის, რაც საზოგადოებამ იხილა, ეს სამართლებრივი კვალიფიკაციით არ ჯდება იმ ბრალდებაში, რომელიც გაცხადებული იქნა. არავითარი მასობრივი ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ბუნტი და ათასი ინსინუაცია.
თვითონ არის, ამჟამად, პარლამენტში. მე, როგორც მისი ინტერესების დამცველი, გამოვცხადდი და მზად ვარ, ჩავიბარო ბრალდების დადგენილება; ასევე, თუ გადმოგვცემენ მტკიცებულებებს, რაში ედება ბრალდება, ძალიან დაგვავალებენ. არსად მიმალვას ნიკანორ მელია არ აპირებს. იგი მზად არის, წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, თუმცა ძალიან დიდი კითხვის ნიშნებია, აი, სისხლის სამართლის ამ პროცესის წარმოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები