ნატო უკრაინაში რუსეთის ქმედებებს განიხილავს

ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები დღეს ბრიუსელში იკრიბებიან, შეხვედრაზე პირველად განიხილავენ რუსეთის მიერ უკრაინისადმი გატარებული გრძელვადიანი სტრატეგიული პოლიტიკის შედეგებს, ასევე ალიანსის შესაძლო საპასუხო ქმედებებს. დამოკიდებულება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის ყირიმის ანექსიის შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. ორშაბათს, რუსეთის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენელი ალექსანდრე გრუშკო, იმ შემთხვევაში, თუკი ნატო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დამატებით სამხედრო ძალებს განათავსებს, რუსეთის გაყვანით იმუქრება. სააგენტო „ფრანს – პრესს“ ნატოს მაღალჩინოსნის სიტყვები მოჰყავს, რომლის თანახმადაც, ბრიუსელში შეხვედრისას თავდაცვის მინისტრები მიიღებენ ,,ფუნდამენტურ გადაწყვეტილებას“ რუსეთთან მიმართებაში, რომელიც შემდეგ განსახილველად ნატოს ბრიტანეთის სამიტზე იქნება წარდგენილი.
ალიანსის წარმომადგენელთა თქმით, რუსეთი – ნატოს საბჭოს შეკრებაზე, უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ,,გულახდილ აზრთა გაცვლა“ მიმდინარეობდა. ნატოს წევრებმა ,, ყირიმის ანექსისიის უკანონობასთან დაკავშირებით მყარი პოზიცია დააფიქსირეს“, – განაცხადა ალიანსის პრესსამსახურის მდივანმა ოანა ლუნგესკუმ. მისივე თქმით, ,,მათ გასაგებად დააფიქსირეს, რომ არასოდეს არ აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, ყურადღება გაამახვილეს უკრაინაში ახლახან ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და მოუწოდეს რუსეთს ქვეყნის ახალ პრეზიდენტთან კონსტრუქციული დიალოგისკენ“. ლუგნესკუმ ასევე თქვა, რომ ალიანსმა რუსეთს მოუწოდა, ,,დაიცვას მის მიერ ნაკისრები საერთაშორისო ვალდებულებები, შეაჩეროს საზღვარზე იარაღის გადაზიდვა და შეიარაღებული სეპარატისტების მხარდაჭერა უკრაინაში“. თავის მხრივ, რუსეთის წარმომადგენელმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ალექსანდრე გრუშკომ, რუსეთი – ნატოს საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ, „ინტერფაქსის“ სააგენტოს განუცხადა, რომ ,,თუკი ჩვენ დავინახავთ, რომ ნატოს ახალი წესდებები რუსეთთან მიმართებით სამხედრო მშენებლობის შესაბამის ქმედებებში განხორციელდება, ჩვენი მხრიდანაც მიიღება ზომები, რომ რუსეთის საშიშროებისგან დავიცვათ და ქვეყანა არ დაზარალდეს.“
გრუშკომ ნატოს წარმომადგენლები გააფრთხილა, რომ შედეგად შესაძლოა, ევროპა „ცივი ომის“ პერიოდს დაუბრუნდეს. უკრაინის ხელისუფლება და დასავლეთის ქვეყნები რუსეთს უკრაინის აღმოსავლეთში შეიარაღებული სეპარატიზმის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. რუსეთის ხელისუფლება კი კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს საზღვრისპირა რეგიონებში არსებულ არეულობებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები