“ამ ვითარებაში, რუტინულ საკრებულოს სხდომებზე დასწრება არასწორია” – „ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს

„ევროპული საქართველო” საკრებულოს სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.
შესაბამისი განცხადება საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიორგი გაბაშვილმა გააკეთა.
როგორც გაბაშვილმა განმარტა, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით მიიღეს.
„ყოველი ჩვენთაგანი ხედავს, რა პროცესები მიმდინარეობს თბილისში. მეხუთე დღეა, ზედიზედ მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი ჩვენი საზოგადოებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდების, პოლიტიკური პარტიების. ეს არის ზეპარტიული, დიდი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა. ეს იყო საქართველოს პარლამენტის თავზე წამოსკუპება ოკუპანტის – გავრილოვის და ამას მოყოლებული „გავრილოვის სასტიკი ღამე“. ამ ვითარებაში, როცა ეს პროტესტი მიმდინარეობს, როცა ჯერ კიდევ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახარიას გადადგომა, შესრულებული არ არის და სანამ ჯერ კიდევ ადამიანები იმყოფებიან საპატიმროში, ჩვენ მივიჩნევთ, რომ ჩვეულებრივი რუტინული საკრებულოს სხდომების გამართვა და, მით უმეტეს, მასზე დასწრება, არის აბსოლუტურად არასწორი და არალოგიკური. ჩვენ ვართ ამ პროტესტის ნაწილი”, – განაცხადა გაბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები