პუტინის ბრძანებით, რუსეთის ცენტრალურ სამხედრო ოლქში უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნა გამოცხადდა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცენტრალურ სამხედრო ოლქში უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნის ბრძანება გასცა. აღნიშნულს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმებების დაწყებით ხსნიან. ბრძანება ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ ოლქებსაც ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მულტიმედიური ჰოლდინგი РБК ავრცელებს.
“ცენტრალურ სამხედრო ოლქში, რომელიც რამდენიმე სამხედრო დანაყოფს აერთიანებს, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება მოულოდნელად დაიწყო. ამასთან, ცენტრალურ სამხედრო ოლქში ჯარისკაცების უმაღლესი საბრძოლო მზადყოფნაა ნაბრძანები”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.
“ეს ღონისძიება მიზნად ისახავს  სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების შეფასებას ცენტრალური აზიის რეგიონში, სადაც ძალიან დიდი საფრთხე არსებობს ტერორისტული თავდასხმებისა”, – განმარტა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ინსპექციის დროს სამხედროები მონაწილეობას მიიღებენ 50-ზე მეტ სხვადასხვა მასშტაბის წვრთნაში, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი სახელმწიფო და სამხედრო ობიექტების დაცვის, საჰაერო თავდაცვის, ტერორისტული საფრთხეების აღსაკვეთად, უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისა და სხვა “დესტრუქციული სამხედრო ძალების” განადგურებისთვის ამოცანებს შეიმუშავებენ.
შოიგუს განმარტებით, მოულოდნელი შემოწმებების მთავარი მიზანი სამხედრო ხელმძღვანელების შემოწმებაა, თუ რამდენად არიან ისინი მზად, გააკონტროლონ ჯარები “სამხედრო საფრთხის ზრდისა და კრიზისული სიტუაციების წარმოშობის შემთხვევაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები