სახალხო დამცველმა საგარეჯოს სოციალური საცხოვრისი მოინახულა

2025 წლის 25 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საგარეჯოს სოციალურ საცხოვრისს ეწვია, დაათვალიერა შენობა და იქ მცხოვრებ ბენეფიციარებს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ სოციალურ საცხოვრისში, სადაც ამჟამად 40-ზე მეტი ოჯახი, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, შშმ პირები, ხანდაზმულები და ბავშვები ცხოვრობენ, არსებული საცხოვრებელი პირობები ღირსების შემლახველია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების მხრიდან გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს.

შენობის დაბზარული, დაობებული და ალაგ-ალაგ ჩამონგრეული კედლები, ჩამოშლილი ბათქაში, მორყეული ან არარსებული დამცავი მოაჯირები, მოშლილი საკანალიზაციო სისტემა, ნესტი, ასევე, პერიოდულად ფასადიდან მოსაპირკეთებელი მასალის ცვენა საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ პირებს. ამასთან, მცხოვრებლები არ არიან დაცული ქარისა და წვიმისგან, ზოგიერთ ბენეფიციარს არ აქვს წვდომა საპირფარეშოსა და აბაზანაზე, სადარბაზოებში არ არის განათება.

ხაზგასასმელია, რომ გაუმართავი კანალიზაციის სისტემის გამო სანიაღვრე წყლები გარე პერიმეტრზე იღვრება, რის გამოც, ირგვლივ გაუსაძლისი სუნი დგას. მცხოვრებელთა თქმით, შენობის მიმდებარედ ბალახსა და ნაგავში ქვეწარმავლები და მღრღნელები ბუდობს.

აღნიშნულიდან გამომდინარე სახალხო დამცველმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარები სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა.

https://tinyurl.com/2n9vhta5

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები