მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას: დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ნუ თესავთ

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი საფრთხეები შეუძლებელია არსებობდეს, ამიტომ დამშვიდდით, დაწყნარდით, პანიკას ნუ თესავთ“, – ასე პასუხობს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერი მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „რუსთავი-2″-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.

მისი თქმით, ასეთი ინფორმაცია  არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს.

„მთელი პასუხისმგებლობით და გარანტირებულად შემიძლია ვუთხრა როგორც ნიკა გვარამიას, ისე ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს  ეს ამბები, რომ მსგავსი თემები ბუნებაში არ არსებობს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ თავად ნიკა გვარამიას ფანტაზიის ნაყოფია, ან 1% დავუშვათ, რომ ვიღაც აგიჟებს, აშაყირებს და ასეთ ინფორმაციას აწვდის, დანარჩენი, მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი ფანტაზიის ნაყოფია”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლება „რუსთავი 2“-ის ძალადობრივად აღებაზე მსჯელობს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია უკვე მეოთხე დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია, ისინი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 20-21 ივნისს დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები