კადიროვი: მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე, სულ რაღაც 200 კმ-ია

“მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე, სულ რაღაც 200 კმ-ია. რუსეთში კი არაოფიციალურად, დაახლოებით ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს“, – აცხადებს ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი და Telegram-ში თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

კადიროვი ამტკიცებს, რომ ქართული კულტურა და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის წყალობით გაიცნო. მისი აზრით, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გამწვავებას დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ.

“მსურს შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე, სულ რაღაც 200 კმ-ია. რუსეთში, არაოფიციალურად, დაახლოებით ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა, არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გაუწოდოს მას. ნახეთ, რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა,”- წერს კადიროვი.

კადიროვი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ „ქალბატონი პრეზიდენტი ძალიან ცდება“.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, 8 ივლისიდან, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ამასთან, უსაფრთხოების მიზნით, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცათ.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

20 ივნისს, დილით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან მართლმადიდებლური საპარლამენტთაშორისო ასამბლეის წევრებს სიტყვით რუსეთის დუმის “კომუნისტური პარტიის” წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რასაც საკანონმდებლო ორგანოსთან მოგვიანებით, საპროტესტო აქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები