თსუ-ს სტუდენტები აქციას მართავენ: ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული პარტიებისა და მათი სატელიტების მხარდამჭერები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი აქციით პარლამენტთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. სტუდენტები აცხადებენ, რომ არცერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს არ უჭერენ და არ აპირებენ, შეუერთდნენ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, ყველა ძალა პასუხისმგებელია როგოც გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე – მთელს პროცესზე, რომელმაც არსებულ კრიზისამდე მიგვიყვანა.
„ჩვენთვის, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის, მიუღებელია მოცემული პოლიტიკური კლასის მიერ გატარებული პოლიტიკა. ყველა ძალა პასუხისმგებელია როგოც გუშინ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე – მთელს პროცესზე, რომელმაც არსებულ კრიზისამდე მიგვიყვანა.გუშინდელმა დღემ გვაჩვენა, რომ ბრაზი და იმედგაცრუება ყველაზე ძლიერი კოლექტიურად გაზიარებული განცდაა ჩვენს საზოგადოებაში. ამ აფექტმა უამრავი ახალგაზრდა და სტუდენტი გამოიყვანა დღეს ქუჩაში. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომელებმაც ომები, კრიზისები, სიღარიბე გამოვცადეთ საკუთარ თავზე. ჩვენ ვართ იმედგაცრუებული მშობლების მიერ გაზრდილი თაობა. ჩვენ ვერ ვიქნებით კონკრეტული პარტიებისა და მათი სატელიტების მხარდამჭერები, რომლებმაც თავი ძალადობრივი პოლიტიკით, არაჰუმანური მოპყრობით, ნულოვანი ტოლერანტობითა და უთანასწორობით დაგვამახსოვრა”, – აცხადებენ თსუ-ის ეზოში შეკრებილები.
სტუდენტების ერთ-ერთი მოთხოვნა გუშინ პარლამენტთან დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებაა.
„მოთხოვნა არის პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ჩვენ გვერდით უნდა იდგნენ და ითხოვდნენ იმას, რასაც ჩვენ ვითხოვთ”, – განაცხადა ერთ-ერთმა სტუდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები