დავით ჭიჭინაძე: ვაფრთხილებდი ივანიშვილს, რომ კობახიძე მისთვის პრობლემა გახდებოდა

„მე დიდხანს ვაფრთხილებდი ივანიშვილს, რომ კობახიძე მისთვის სერიოზული პრობლემა გახდებოდა“, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც მთავრობასა და პარლამენტს არ გააჩნია  ადამიანობის და არც ნდობის რესურსი, მათი ფუნქცია ამოწურულია. ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ქუჩაში მიმდინარე პროცესების დაწყნარების ერთადერთი საშუალება ვადამდელი არჩევნებია.
“შენ თუ ოდნავ მაინც გაქვს ღირსება, დღეს არ შეიძლება, იყო უმრავლესობის წევრი! თუ შენ დეპუტატი გქვია, უნდა იყო ხალხის მხარეს. ხალხი კი, დღეს აღარაა „ოცნების“ მხარეს, რადგან ეს აღარ არის „ქართული ოცნება“, ეს კონკრეტული ჯგუფის ოცნებაა.
არადა, მე დიდი ხანია ვაფრთხილებდი ივანიშვილს, რომ კობახიძე მისთვის სერიოზული პრობლემა გახდებოდა. ისევე როგორც კობახიძის გარემოცვა. როდესაც არც მთავრობას, არც პარლამენტს არ გააჩნია არც ადამიანობის, არც ნდობის რესურსი და მათი ფუნქცია ამოწურულია, ისინი სახლში უნდა წავიდნენ! ქუჩაში მიმდინარე პროცესების დაწყნარების ერთადერთი საშუალება კი, ვადამდელი არჩევნებია.
კობახიძის გადაყენებით კრიზისი დაიწყო. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამთავრობო კრიზისი, თუნდაც იმიტომ, რომ დღევანდელი მთავრობის ე.წ. ყველაზე დასაყრდენმა მინისტრმა, გახარიამ, 20 ივნისის პროცესებს თავი ვერ გაართვა. მას ნერვებმა უმტყუნა.
გუშინ იყო პროტესტი, მაგრამ მე ვერანაირად ვერ გავამართლებ იმას, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფი შეეცადა თავის სასარგებლოდ მოეტრიალებინა სიტუაცია და სახალხო პროტესტი სახალხო რევოლუციად გადაექცია. რადგან ხალხში არა არის რევოლუციის სურვილი. ხალხს არ აქვს მოთხოვნა, რომ „ნაცები“ და მისი განაყოფები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. და თუ ქვეყანაში დღეს პროცესები ფერხდება, ეს მხოლოდ „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ ერთმანეთში გარიგების შედეგია. „ნაცები“ ისევე აცოცხლებენ „ოცნებას“, როგორც თავის დროზე შევარდნაძე აბაშიძეს.
და ბოლოს, რც უმთავრესია. ნებისმიერ დეპუტატს, რომელსაც ღირსება გააჩნია, შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს გუშინდელ მოვლენებს და ბოდიში მოიხადოს იმ ქმედებებისთვის, რაც ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეების, თუნდაც ჟურნალისტების მიმართ ჩაიდინა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები