რუსეთმა გაეროში უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერების პროექტი წარადგინა
რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში, უკრაინაში მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით, პროექტი წარადგინა. ტექსტში საუბარია უკრაინაში საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეჩერებაზე. უშიშროების საბჭოს წევრები რუსეთის წინადადებას არაერთგვაროვნად შეხვდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა კრემლის ინიციატივა თვალთმაქცობად შეაფასა. უკრაინის წარმომადგენელმა კი რეზოლუციის ტექსტს ცინიკური და ამორალური უწოდა. სხდომის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის წინადადებას უშიშროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.