„როგორც კი შევიტყვე, რომ ოკუპანტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
ამასთან, როგორც კობახიძემ განმარტა, მისთვის ძალიან მძიმე სანახავი იყო ის, რაც პარლამენტის სხდომათა დარბაზში ყველამ იხილა.
„რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი და ამ ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენელი პარლამენტის წევრი იჯდა თავმჯდომარის სკამზე, რაც იყო მძიმე სანახავი, მძიმე სურათი. სამწუხაროდ, არ მქონდა მყისიერად, საჯაროდ რეაგირების საშუალება გამომდინარე იქედან, რომ არ ვარ საქართველოში. შემატყობინეს ამ ფაქტის თაობაზე და როგორც კი შევიტყვე, მაშინვე მოვითხოვე სესიის შეჩერება და ასეთი ფორმით სესიის გაგრძელების არდაშვება.
კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო, რომ რუსეთი არის ის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. ამაზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გუშინაც, როცა ვმონაწილეობდი სესიის გახსნაში და იმ ქმედებებს, რომლებიც მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არ აქვს არანაირი საერთო არც ქრისტიანობასთან და არც მართლმადიდებლობასთან და ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, იყო აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს – ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შესაბამის ფორმატში განიხილება ყველა საორგანიზაციო საკითხი.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი საქართველოს პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა.
სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.