მამუკა მდინარაძე: გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა – ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება

„სერგეი გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე შეუთანხმებლად აღმოჩნდა, ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მადინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს, რომ სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის სკამზე აღმოჩენილიყო, პასუხი მოეთხოვებათ.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში სწორედ იმის გამო, რომ გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა თავმჯდომარის სკამზე და მან წაიყვანა, გაბედა, საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო გუნდის პოზიციისგან შეუთანხმებლად და განსხვავებით,   საქართველოს პარლამენტში ასამბლეის სხდომა ვეღარ გაგრძელდება“, – განაცხადა მდინარაძემ.
მან ასამბლეის წევრებს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სხდომა ხვალ სხვა სივრცეში გაგრძელდება. მდინარაძის თქმით, მსგავსი შეცდომა აღარ განმეორდება.
„ხვალ გაგრძელდება სხვა სივრცეში სხდომა, ნებისმიერი სასტუმრო იქნება თუ სხვა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებსა და მათი პარლამენტის წარმომადგენლებს მიეცემათ საშუალება, თავისუფლად განაგრძონ ასამბლეის ფარგლებში მუშაობა, მაგრამ საქართველოს პარლამენტში მსგავსი შეცდომა აღარ, ვეღარ დაიშვება და ორგანიზატორებს, რომლებმაც დაუშვეს ის, რომ სერგეი გავრილოვი მოხვედრილიყო საქართველოს პარლამენტის სკამზე, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო რიგით 26-ე გენერალური ასამბლეის სესია გუშინ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საპროტესტო აქციის ფონზე გაიხსნა. დღეს კი პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა – სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას ხელმძღვანელობდა. სხდომა ჩაიშალა, რადგან ქართველმა დეპუტატებმა ტრიბუნა დაიკავეს და გავრილოვს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები