ლუიზა ვინტონი: უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომელიც საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისკენაა მიმართული

„ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის და მისი ბევრი პარტნიორის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საჯარო-კერძო პარტნიორობის განმტკიცებისკენ, შესაბამისი სტრატეგიების, კანონებისა და სხვადასხვა უწყების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისკენ“, – ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა საჯარო-კერძო თანამშრომლობის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ლუიზა ვინტონმა ხაზი გაუსვა საჯარო-კერძო პარტნიორობის უმნიშვნელოვანეს როლს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის პროცესში კერძო სექტორის ჩართვის თვალსაზრისით და აღნიშნა, რომ UNDP-ი ამ კუთხით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას პოზიტიურად აფასებს.
„ხშირად გვესმის მოსაზრება, რომ მდგრადი განვითარება მხოლოდ ხელისუფლების მოვალეობებში შედის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება და კერძო სექტორი მივიწყებულია. აქ კი ჩვენ ვხედავთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მაკავშირებელს დინამიზმს, ინოვაციებს და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურებას შორის, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია სწორედ კერძო სექტორისთვის და ამის შედეგად იქმნება კერძო-საჯარო მომსახურების მიწოდების მოდელი. ჩვენ უმაღლეს შეფასებას ვაძლევთ და მივესალმებით საქართველოს მთავრობის და მისი ბევრი პარტნიორის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია შესაბამისი სტრატეგიების, კანონების და სხვადასხვა უწყების ინფორმირებულობის უზრუნველყოფისკენ. ჩვენ იმედის თვალის შევყურებთ თანამშრომლობას მათთან, რათა ამ მოდელმა შედეგი მოიტანოს.UNDP-ისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ გვაქვს შესაძლებლობა, გადავინაცვლოთ საჯარო-კერძო პარტნიორობის ტრადიციული მოდელიდან, რომელიც გულისხმობს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე გიგანტურ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა აეროპორტები და ჰიდროელექტროსადგურები, – უფრო ადგილობრივ, ადგილობრივი თემების, მუნიციპალიტეტების დონეზე”, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.
საქართველოში პირველად, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. კონფერენციაზე იმსჯელებენ საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე, ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები