სოფიო ქაცარავა: ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს

საპარლამენტო დელეგაცია  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სენატის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ჩეხეთს შორის არსებული ურთიერთობების ყველა ძირითადი მიმართულება, მათ შორის –  პოლიტიკური, ეკონომიკური, განათლების საკითხები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობებისა და ვიშეგრადის ოთხეულის (V4) ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და გაძლიერების პერსპექტივებს.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე; ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე. ხაზი გაესვა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.
„ჩეხეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს და ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეგები, საგარეო, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეები და წევრები  ვიშეგრადის ფორმატში საქართველოში მოვიწვიე, რადგან ეს ფორმატი საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი – ნინო გოგუაძე და პარლამენტის წევრები: კახაბერ კუჭავა, გელა სამხარაული და ირაკლი აბესაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები