გია ვოლსკი: საქართველოს პრესტიჟი ამ კონფერენციის ჩატარებით უფრო წონიანია, ვიდრე – გავრილოვის პერსონა

“მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა 26 წელია, არსებობს და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პრესტიჟი თუნდაც ამ კონფერენციის ჩატარებით გაცილებით უფრო ძვირი ღირს და გაცილებით უფრო წონიანია, ვიდრე, ამ შემთხვევაში, გავრილოვის პერსონა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის დუმის დეპუტატის სახელმწიფოს მიმართ სერიოზული პრეტენზიები არსებობს, თუმცა, ამ შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟი არ უნდა დაზარალდეს.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რამდენიმე წლის წინ ჩატარდა. სანამ რუსეთის დელეგაციამ არ განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მხარს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს უჭერდა, იქამდე განცხადებები იყო გაკეთებული, რომ დუმის წევრების საქართველოში დაშვება არ შეიძლებოდა. გვახსოვდეს, რომ მართლმადიდებლობის ასამბლეა საერთაშორისო ფორუმია. გვახსოვდეს, რომ 26 წელია, ეს ფორუმი არსებობს და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პრესტიჟი თუნდაც ამ კონფერენციის ჩატარებით გაცილებით უფრო ძვირი ღირს და გაცილებით უფრო წონიანია, ვიდრე, ამ შემთხვევაში, გავრილოვის პერსონა. მისი სახელმწიფოს მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს, მაგრამ ჩვენს საერთაშორისო პრესტიჟს ვერ დავაზიანებთ, თუ მას „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი დარღვეული არ აქვს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, 19-22 ივნისს საქართველო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესიას უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში თბილისს 25-მდე ქვეყნის დელეგაციის 100-მდე მონაწილე ეწვევა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის (IAO) 26-ე გენერალური ასამბლეის სესია დღეს, 19:00 საათზე სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში საინაუგურაციო სხდომით გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები