ლევან ვასაძის მორიგი ვიდეომიმართვა – „ბრძოლა გრძელდება, მშვიდად წავალთ „ვერის ბაღში“ (ვიდეო)

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება, გუშინ, მიუხედავად იმ რაღაც შუალედური გამარჯვებისა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადმოდგა ნაბიჯი ხალხისკენ და გამოაცხადა, რომ უკრძალავს ე.წ. პრაიდის მონაწილეებს ამ აქციების ჩატარებას“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, ამის მიუხედავად, თბილისი-პრაიდის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ღონისძიებებს ჩაატარებენ, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ ამას არ დაუშვებს.
„დღეს დილას ე.წ. პრაიდის ორგანიზატორმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ისინი ყველა ღონისძიებას ჩაგვიტარებენ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. გუშინ ჩვენ ვიყავით ვერის ბაღში ისევ და მე გავაკეთე განცხადება, რომელიც იყო ძალიან მკაფიო. რადგან ჩვენმა სახელმწიფომ, რომლის დესტაბილიზაციასაც ჩვენ არ დავუშვებთ, გადმოდგა ხალხისკენ ნაბიჯი და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ის, რაც გააკეთა, ჩვენ მადლობის და კეთილი ნების ნიშნად, გავაუქმეთ ე.წ. პატრულირება ანუ მოძრაობა ქალაქში ამ ჩვენი მხარდამჭერების და ამ გარყვნილების მოწინააღმდეგეებისა“, – განაცხადა ვასაძემ.
მისი თქმით, მიმდინარე კვირა დასრულდება, თბილისი-პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ და ჩემდეგ ყველა წავა თავის სახლში და გააგრძელებს თავის ცხოვრებას.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენმა ძვირფასმა მედიამ ეს დაიხვია ხელზე და წამოვიდა სტატიები, რომ ჩვენ უკან დავიხიეთ, ჩვენ მთავრობასთან შეთანხმებით ვცდილობთ ჩავაქროთ ხალხის რისხვა, ჩვენ ეკლესიასთან შეთანხმებით ვცდილობთ გავაუქმოთ ხალხის წინააღმდეგობა და ათასი სისულელეები, ამ ჩვენს ტვინაბნეულ და გაყოფილ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეგრევე გადმოიღვარა მედიაში. ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევთ, ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და სრულ მზადყოფნას იმისთვის, რომ არ დავუშვათ უწესრიგობა. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი ერთობის, ჩვენი სახალხო ნების გამოხატულების და ჩვენი შეკრების მიზანი იყო და არის არა რაღაც უკანონო ფორმირებების შექმნა, როგორც გვაბრალებენ, არა რაღაც აგრესია და ესკალაცია, არამედ, ის რომ ჩვენ არ დავუშვათ ხალხის ბრბოდ ქცევა და იმ სამართლიანი პროტესტის და იმ რისხვის, რომელიც ხალხში არის, გადაღვრა ქვეყნის დესტაბილიზაციაში. ამიტომ მოვუწოდეთ ჩვენ კაცებს, ჩვენს მეგობრებს, ვისაც გამოცდილება აქვს წესრიგის დაცვაში, რომ დაგვეხმარონ ამის ორგანიზებაში, ამიტომ ვთხოვეთ და არ ავუკრძალეთ, როგორც ზოგიერთი გვაბრალებს, ქალბატონებს იქ მონაწილეობა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე და მშვიდობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. ეს კვირა გადაივლის, არაფერს ჩვენ ამათ არ ჩავატარებინეთ. წავალთ ჩვენ ჩვენს სახლებში და გავაგრძელებთ ჩვენ ცხოვრებას“, – განაცხადა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში.
როგორც ვასაძემ აღნიშნა მზადყოფნა და ბრძოლა კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
„ამიტომ მზადყოფნა, მზაობა და ბრძოლა გრძელდება ამ ე.წ. უბედური მაგათი დეკლარირებული კვირის ბოლომდე, 25-მდე და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მომხრეს, იყოს ამ მზადყოფნაში“, – აღნიშნა ბიზნესმენმა და დასძინა რომ „ვერის ბაღში“ შეკრება დღესაც იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები