ავსტრიის ელჩი: მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს და საქართველომ აღიაროს, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების არსებობა და მათი უფლებები

საქართველო არის სრულიად სხვაგვარი ქვეყანა, მას აქვს ტრადიციები და ამას პატივი უნდა სცე, – ამის შესახებ საქართველოში ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

ელჩმა ლგბტ ადამიანთა უფლებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ და პოლარიზაცია თავიდან უნდა იქნას აცილებული.

„არსებობს სტრასბურგის სასამართლოს და ასევე, გაერო-ს პრაქტიკა, უმცირესობების უფლებები, რომელთა დაცვა გარდაუვალი აუცილებლობაა. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, ეს უფლებები და თავისუფლებები დაიცვას. მეორე არის ის, რომ ბრმად არ გადმოიღო ყველაფერი და წესები ბრმად არ დაამკვიდრო. საქართველო არის სრულიად სხვაგვარი ქვეყანა, მას აქვს ტრადიციები და ამას პატივი უნდა სცე. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული სენსიტიურობა. ამიტომ, აუცილებელია კომპეტენტურ ორგანოებს, ეკლესიასა და კონკრეტულ პირებს შორის ურთიერთობების კარგად შენარჩუნება. ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ ადამიანებმა უნდა გაუგონ ერთმანეთს. ეს არის ძალიან მგრძნობიარე საკითხი და პოლარიზაცია უნდა ავირიდოთ თავიდან. მაგალითად, საჭიროა მრგვალი მაგიდის შექმნა. პარტიებმა, მხარეებმა უნდა ისაუბრონ ერთმანეთთან, რათა კომპრომისი გამონახონ. თუმცა, შეკრების, გამოხატვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ არ უნდა დადგეს“, – განაცხადა არად ბენკომ.

მისი თქმით, ავსტრიისთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფილი იყოს და საქართველომ აღიაროს, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების არსებობა და მათი უფლებები.

„ჩვენ ვცხოვრობთ საქართველოში. საქართველო არის ძალიან ღია, გახსნილი, მულტიკულტურული ტრადიციების ქვეყანა. მას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს და გაცნობიერებული გვაქვს, რომ საქართველო საუკუნეების მანძილზე იყო უცხო ბატონობის ქვეშ. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიის, ეკლესიის როლს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ ძალიან მგრძნობიარე საკითხებზე რეაგირება. ავსტრიაც ტრადიციული ქვეყანაა, კათოლიკური ქვეყანაა და გასულ შაბათს ჩვენც გვქონდა ჩვენს მოედანზე გამოსვლა. პრეზიდენტმაც მიიღო მონაწილეობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს და საქართველომ აღიაროს, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების არსებობა და მათი უფლებები; ნებისმიერი სხვა უმცირესობა – სომხები, აზერბაიჯანელები, პოლიტიკური, ეროვნული თუ სექსუალური ორიენტაციის მქონე ადამიანები“, – განაცხადა არად ბენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები