მიხეილ ჩხენკელი: განათლების რეფორმის მიმართულებით მამუკა ბახტაძის ინიციატივა ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს

„განათლების რეფორმის მიმართულებით საქართველოს პრემიერმინისტრის ინიციატივა ჩვენი ამერიკელი კოლეგების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს”, – ამის შესახებ განათლების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.
მიხეილ ჩხენკელმა აშშ-ში პრემიერის ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები გაჩნდა.

„ჩვენ შევხვდით სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორებს და მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მათთან ერთად ერთობლივ კურსებს ქართველი პროფესორები განახორციელებენ. სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორები აქტიურად ჩაერთვებიან, ასევე, განათლების რეფორმაში როგორც აკადემიური, ისე – სამეცნიერო-კვლევითი კუთხით”, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თქმით, ვიზიტის ფარგლებში მამუკა ბახტაძეს ჰქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრები აშშ-ის მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია შეხვედრა “სილიკონ ველიში”, სადაც დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.
„მინდა, გამოვყო მაღალტექნოლოგიური აქსელერატორების დაფუძნების საკითხი საქართველოში, რაშიც ჩვენი ამერიკელი მეგობრები აქტიურად იქნებიან ჩართულები. ასევე მინდა, გამოვყო ჩვენი თანამშრომლობა აშშ-სთან კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახლო მომავალში თბილისში ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარდეს კონფერენცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნება. კონფერენციის შემდეგ კვლევა და ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება”, – აღნიშნა მიხეილ ჩხენკელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები