მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს

„მსოფლიო ბანკი საქართველოს განათლების სისტემისთვის 90 მილიონ ევროს გამოყოფს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფინანსურ შეთანხმებას ხელი ხვალ მოეწერება. მამუკა ბახტაძის შეფასებით, პროექტი ეროვნული იდეის, განათლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
„ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი მსოფლიო ბანკის მხრიდან, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი მხარს უჭერს განათლების სისტემის რეფორმას. თანხა გამოიყოფა ინოვაციების, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის ფარგლებში. ეს ამავე დროს წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილს, რომელსაც ჰქვია ადამიანური კაპიტალის გაზრდა საქართველოში. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო ბანკი ყოველწლიურად ყველა ქვეყანაში ზომავს ადამიანური კაპიტალის ინდექსს. ეს პირდაპირ კავშირშია 21-ე საუკუნეში საქართველოს კონკურენტუნარიანობასთან. ჩვენ ამ კუთხითაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრის თქმით, პროექტი სახელმწიფოს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის კეთილდღეობის ზრდაში დაეხმარება.
„პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან მასწავლებლები, სკოლის მოსწავლეები, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები. პროექტში მნიშვნელოვანი აქცენტია გაკეთებული იმ მოსწავლეებზე, რომლებიც სწავლობენ მთიან რეგიონებსა და სოფლებში, მათ შორის ცალკე პროგრამა არის ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები მოსწავლეების მხარდასაჭერად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები