არქიტექტორი: დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეა საუკეთესო ფუნქციის მქონე შენობა იქნება

“მიგვაჩნია, რომ დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ ორანჟერეა საუკეთესო ფუნქციის მქონე შენობა იქნება”, – ამის შესახებ არქიტექტორმა მაგდა ზანდარაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არქიტექტორმა ორანჟერეის შესახებ ისაუბრა, რომელიც დიღმის ტყე-პარკის მიმდებარედ გაშენდება.
„მინდა, ყურადღება გავამახვილო არსებული ტერიტორიის ამჟამინდელ მდგომარეობაზე: შპს „ანაგი“ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ფლობს. მიწის ნაკვეთი კერძო საკუთრებაშია, განთავსებულია აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარედ, აღმოსავლეთიდან დიღმის ტყე-პარკი ესაზღვრება, ხოლო დასავლეთი მხრიდან ცენტრალური ტრასა. დღეს აღნიშნულ ტერიტორიაზე კანონმდებლით ვრცელდება საზოგადოებრივი-საქმიანი ზონა 2. მინდა, დავაკონკრეტო, რომ ეს ზონა არის მაღალი ინტენსივობის, სადაც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე შენობა-ნაგებობები. მაგალითად, მრავალფუნქციური კომპლექსი, მაღალსართულიანი სასტუმრო და ა.შ. პროექტზე მუშაობისას, ჩვენთვის მთავარი იყო ადგილმდებარეობა, ის, რომ ჩვენს ტერიტორიას დიღმის ტყე-პარკი ესაზღვრება. კონცეფციაც აქედან დაიბადა, რომ, არსებული ავტოტექმომსახურეობის სალონის ნაცვლად, გავაკეთოთ ისეთი სივრცე, სადაც ნებისმიერი ადამიანი მოვა, დაისვენებს, წაიკითხავს, გამოფენას დაესწრება, სხვადასხვა ღონისძიებას ნახავს.
მიგვაჩნია, რომ მრავალფუნქციური ორანჟერეა დიღმის ტყე-პარკისთვის საუკეთესო ფუნქციის მქონე შენობა იქნება, რომელიც მისი სამომავლო განვითარების კონცეფციაზე იმოქმედებს“, – განაცხადა არქიტექტორმა.
150-მდე ახალი ხის ნარგავი, 500 კვადრატული მწვანე მოლი, ეგზოტიკური მცენარები, ზამთრის ბაღი, პატარა კაფეები, საგამოფენო სივრცე, სცენა, ბავშვთა გასართობი ცენტრი – ამ ყველაფერს თანამედროვე, მრავალფუნქციური ორანჟერეის პროექტი აერთიანებს.
 
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები