ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოს ეცნობიან

ღვინის პროფესიონალები ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ის დირექტორის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგის ხელმძღვანელობით, საქართველოს სტუმრობენ.
„ღვინის ტურის ფარგლებში სომელიეებისა და იმპორტიორებისგან შემდგარი 18-კაციანი ჯგუფის წევრებმა ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები მოინახულეს.
თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც სტუმრებმა 54 ღვინის კომპანიის სხვადასხვა სახეობის ღვინოები დააგემოვნეს, რითაც ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს საშუალება მიეცათ, ჩინეთისა და ჰონგ-კონგის ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, პროფესიონალებისგან რჩევები და რეკომენდაციები მიეღოთ. აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგის ჯგუფის წევრები, მათი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადად ორიენტირებული არიან პრემიალური ხარისხის და მაღალი საფასო კატეგორიის ღვინოებზე“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
ცნობისთვის, ჩინეთი ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია და ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 27%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები