ჩიტის ბუდეების საფრთხე – გაზგამანაწილებელი კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია „ყაზტრანსგაზი“ განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ყურადღების გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ფოთლები, ბალახები, ხავსი, ფესვები და ა.შ – ეს არის იმ მასალის ნაწილი, რასაც ფრინველები ბუდეების ასაშენებლად იყენებენ. ჩიტების უმეტესობა ბუდობას აპრილიდან იწყებს და თითქმის აგვისტოს ბოლომდე აგრძელებს.

გაინტერესებთ რა კავშირშია ფრინველები და გაზი ერთმანეთთან? ფრინველების ბუდობის და შემდგომ პერიოდში იმ ადამიანების მოწამვლა-გარდაცვალების რისკები იზრდება, რომლებსაც სახლში აკრძალული, ღიაკამერიანი გაზის დანადგარები კუსტარულად აქვთ დამონტაჟებული. ფრინველები ბუდეს ღიაკამერიანი წყლის გამაცხელებლების ან გაზის გამათბობლების მილში იკეთებენ. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არ უნდა მოვიხმაროთ სახლში ან დახურულ სივრცეში ღიაკამერიანი გაზის დანადგარები.

დაამონტაჟეთ მხოლოდ დახურული წვის კამერიანი წყლის გამაცხელებლები (ე.წ. კალონკები) და გაზის გამათბობლები. ფოტოებზე სწორედ ასეთი შემთხვევის მაგალითებს ხედავთ. კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი სახლების შემოწმებისას, ბოლო დღეებში, რამდენიმე მსგავსი ფაქტი აღმოაჩინეს.

გაზგამანაწილებელი კომპანია მოგიწოდებთ: უარი თქვით ღია წვის კამერიანი დანადგარების საცხოვრებელ ფართში მონტაჟზე. არ დაამონტაჟოთ ე.წ. გოფრირებული მილები. დარეკეთ(240 40 04) და შეამოწმეთ თქვენი გაზგაყვანილობა! მომსახურება უფასოა“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები