მეუფე იაკობი: ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე ძალიან ზედმეტებში გადადიან

“ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია”,-ამის შესახებ მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა.

მეუფე იაკობი “თბილისი პრაიდის” მხარდამჭერებისა და მათი მოწინააღმდეგეებს აქციებს გამოეხმაურა.

“კარგად ვხედავთ რა ბოლო დროის პერიპეტიებს, უნდა შევეცადოთ, რომ რაღაც ისეთი გამოსავალი გამოვნახოთ, რომ ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო არ დავაზარალოთ. კარგად ვხედავთ ვნებათაღელვას. ეს დაპირისპირებული მხარე ძალიან ცუდია საერთოდ.​

მსოფლიოში, სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება, სხვადასხვა რაღაც წესები ჰქონდეთ, მაგრამ სულაც არ არის აუცილებელი, საქართველოში ყველა წესი გადმოვიღოთ. რაც კარგია, გადმოვიღოთ და ხალხში ასეთ ვნებას როცა ხელს უწყობ, ალბათ, უნდა გაიაზროს საზოგადოების ამ ნაწილმა ის, რა შეიძლება ამას მოჰყვეს… ამას სხვანაირად ჰქვია ჩვენი საზოგადოების უდიდეს ნაწილზე ძალადობა და ასევე, შევადარებდი მორალურ ტერორს, იმიტომ, რომ ძალით გამოიყვანო ქუჩაში და რაღაცა მოხდეს უბედურება, ესეც არავის არ უნდა, ისედაც მყიფეა ჩვენი სახელმწიფოებრიობა.

ამიტომ ლიბერალურმა ძალებმა ცოტა უნდა გაიაზრონ, უკვე გადადიან ძალიან ზედმეტებში და თავს უნდათ მოგვახვიონ რაღაც ისეთი, რაც ჩვენი ერისთვის მიუღებელია. ლიბერალიზმი თავისუფლებას ნიშნავს, მაგრამ ეს ასევე ითვალისწინებს სხვა პიროვნებასთან თანაცხოვრებასაც და არ შეიძლება, ძალით მოახვიო ისეთი რამ, რაც მიუღებელია ერისთვის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისი თქმით, ამ საკითხზე რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ყველამ კარგად იცის, საზოგადოების დიდი ნაწილი რა არჩევანსაც გააკეთებს.

„ჩვენ კარგად ვიცით, რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, ერის ძალიან დიდი ნაწილი რასაც დაუჭერს მხარს. ამიტომ მინდა მივმართო საზოგადოების იმ ნაწილს, ამ მორალურ ტერორს შეეშვან მოსახლეობის მიმართ და იცხოვრონ ისე, როგორც ცხოვრობენ. არავინ არავის არ ჩაგრავს, მაგრამ რაღაც მიუღებელი რომ მივიღოთ, ასეც არ გამოვა, იმიტომ, რომ თქვენ, როგორც ხედავთ, პოლიტიკოსები ებმებიან ამაში და ერთი მხარე, ასე ვთქვათ, თავის სიმართლეს ლაპარაკობს, მეორე მხარე თავის სიმართლეს და შეიძლება ქვეყანა საერთოდ დაღუპონ, ისე წაიყვანონ. მე ვხედავ, რაც შეიძლება მოხდეს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები