კახა ბექაური: ტყუილია, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის თქმით, “ასოცირების ხელშეკრულება რეკომენდაციას კი არ გვაძლევს, გვავალდებულებს დირექტიული ვალდებულებით თუ პირის უფლებები შეილახა, მიეცეს მას შესაძლებლობა გაასაჩივროს.

“თუ პირის უფლებები შეილახა, მიეცეს მას შესაძლებლობა, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება, გაასაჩივროს კომისიაში, ან სასამართლოში“,-ამბობს ბექაური.

კახა ბექაურმა, კანონში არსებული ხარვეზი დეტალურად ახსნა და განმარტა, რატომ არის საჭირო სიძულვილის ენისა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხების გასაჩივრების შესაძლებლობა აუცილებელი.

„დღეს მოქმედი კანონმდებლობით, თუ თქვენი, ან ნებისმიერი სხვა ეთერით, პიროვნების მიმართ გამოყენებულია სიძულვილის ენა და ირღვევა მისი უფლებები, თუ მის მიმართ გაისმა დამამცირებელი, ან შეურაცხმყოფელი სიტყვები, მას შეუძლია მხოლოდ იმ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში იჩივლოს, სადაც მისი მისამართით ეს ყველაფერი გაჟღერდა. თვითრეგულირების ორგანოს განაჩენის გასაჩივრება პირს არსად აღარ შეუძლია, დღევანდელი კანონით პირი ჩივის დამრღვევთან და თუ დამრღვევმა არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, ის ვერსად ვეღარ იჩივლებს“,- აცხადებს კახა ბექაური.

მისივე განცხადებით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ბევრი ტყუილი და დამახინჯებული ინფორმაცია მოისმინა. რეალურად კი ეს ცვლილება არა შეზღუდვისკენ, არამედ ზუსტად თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებისკენ არის მიმართული.

„მიკვირს რამდენად ყალბია ეს პროცესი და რამდენი არაზუსტი ინფორმაცია გადის მედიაში ამ თემაზე. ის ცვლილებები, რომელიც არის შეტანილი პარლამენტში და ასახულია პროექტში ჩვენს მიერ, სწორედ თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერებას ემსახურება. კერძოდ, სიძულვილის ენის და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენის საკითხი, რჩება თვითრეგულირების ორგანოში, სწორედ იმისთვის, რომ გაძლიერდეს თვითრეგულირება და შეძლოს გადაწყვეტილების მიღება. კომისიაში, ან სასამართლოში მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება გასაჩივრდეს ეს საკითხი, რაც თვითრეგულირების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება დაინტერესებული პირი.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქმედითი მექანიზმი საჭიროა, რომ მედიამ და ჟურნალისტებმა არ უნდა შეუწონ ხელი სიძულვილის ენის ტირაჟირებას. რაც არ უნდა განსხვავებული აზრი ჰქონდეს, ან განსხვავებული მსოფლმხედველობა, განსხვავებული ორიენტაცია, ან განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წევრი იყოს პირი, მის მიმართ არ უნდა იყოს გამოყენებული სიძულვილის ენა, შესაბამისად, როდესაც მედია საშუალება ან ჟურნალისტი აძლევს საშუალებას პირს, რომ ასეთი რამის ტირაჟირება გააკეთოს, დამეთანხმებით ალბათ, რომ უნდა არსებობდეს ქმედითი მექანიზმი, გარდა იმისა, რომ მივიდეთ დამრღვევთან და დამრღვევის განაჩენი იყოს საბოლოო. ამის გარდა, უნდა არსებობდეს შემდეგ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება, სად უნდა გასაჩივრდეს ხომ ვერ მეტყვით, თვითრეგულირების ორგანოს გარდა?! ეს არ არის ჩემი მიდგომა, ევროპამ ეს სტანდარტი დიდი ხანია დაადგინა, როდესაც წითელი ხაზები იკვეთება ან სასამართლოში უნდა გასაჩივრდეს ეს გადაწყვეტილება, ან – მარეგულირებელში. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ცვლილება მიმართულია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, არანაირი კავშირი სიძულვილის ენას არ აქვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან“,- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები