მამუკა ბახტაძე: შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ აშშ-დან უახლოეს მომავალში ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით

ჩვენი მთავარი სტრატეგიის მთავარი მოტივია ის, რომ საქართველო იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განათლებისა და ინოვაციების ცენტრი, ჩვენ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ აღნიშნული საკითხი იყო საუბრის მთავარი თემა შეხვედრებზე, რომელიც მისი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

„ჩვენ გვქონდა შეხვედრები იმ ქალაქებში, სადაც ძირითადად კონცენტრირებულები არიან ამერიკული კომპანიები, რომლებიც აქტიურები არიან საერთაშორისო ბაზრებზე და ახორციელებენ მსხვილ ინვესტიციებს. ჩვენ მივიღეთ ძალიან დადებითი უკუკავშირები. მე არ მსურს, მოვლენებს წინ გავუსწრო, მაგრამ რამდენიმე კომპანია აპირებს კონკრეტული ინვესტიციების განხორციელებას. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა იმ ეროვნული იდეის გარშემო, რასაც ჰქვია განათლება. ჩვენ საქართველო წარმოგვიდგენია როგორც აშშ-ის ერთ-ერთი პარტნიორი ცენტრი ინოვაციებში. ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ჩვენს კრიტიკოსებს შეიძლება ჩემი ეს განცხადება ხმამაღალი მოეჩვენოთ, მაგრამ რამდენიმე თვის წინ მე იგივეს ვისმენდი, როდესაც ვამბობდი, რომ საქართველო შეძლებს მაღალტექნოლოგიური პროდუქციის ექსპორტს, მაგრამ დღეს ჩვენ ვაშენებთ ორ ქარხანას – მზის პანელების, რომელიც ამერიკის ბაზარს მოამარაგებს და ელექტრომობილების. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი მსგავს კრიტიკაზე”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, საქართველოში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები უზრუნველყოფს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები