მამუკა ბახტაძე: ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტმა გახსნა ახალი შესაძლებლობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელეკომპანია „იმედის” ეთერში აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტისას მოხდა ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლის შეჯამება და ამასთან, დაისახა სამომავლო გეგმები.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევაფასოთ განვლილი 10 წელი, რაც სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატი ჩამოყალიდა აშშ-სთან. ეს პერიოდი იყო წარმატებული საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თავალსაზრისით, ასევე სახელმწიფო მმართველობის სისტემის გაძლიერებისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ბიზნესის მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება მოგვიტანა, გვაქვს კონკრეტული შედეგები და ამას აღიარებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, განსაკუთრებით ხაზგასასმელია უსაფრთხოების სფეროში მიღწეული წარმატება.

„ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს დასავლელ კოლეგებთან გვქონდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი – შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე წარმოუდგენელია ვისაუბროთ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაზე. დღეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ შავი ზღვის რეგიონი არის პრიორიტეტული მიმართულება და ბუნებრივია, საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობები ახლა არის ყველაზე მაღალ დონეზე, ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს გამყარებულია ფაქტებით. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო მიმდინარე წლის გაზაფხული, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობდით საერთაშორისო სამხედრო სწავლებას. ეს იყო პირველი შემთხცვევა ისტორიაში, როდესაც ტარდებოდა ნატოს სწავლება და ნატოს ჯერ კიდევ არაწევრმა ქვეყანამ, საქართველომ, მოახდინა ყველაფრის ორგანიზება და სრული მენეჯმენტი და ჩვენი ოფიცრები ხელმძვანელობდნენ ამ სწავლებას. სწორედ ეს უსვამს ხაზს ჩვენი ურთიერთობის განსაკუთრებულობას და იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. ჩვენი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ ამ სამხედრო თანამშრომლობას უნდა დაემატოს ძალიან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა და ამ მიმართულებით გვაქვს წარმატებები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები