თამარ ჩუგოშვილი: ფოთის პორტი და ანაკლიის პორტი ორივე გვჭირდება და ფაქტია, ორივეს განვითარებაზე უნდა ვიზრუნოთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ქვეყნისთვის ფოთის პორტი და ანაკლიის პორტი ორივე საჭიროა, ამიტომ მისივე განცხადებით, ორივეს განვითარებაზე ზრუნვაა საჭირო. როგორც მან აღნიშნა, ფოთის პორტის განადგურება არაა აუცილებელი იმისათვის, რომ ანაკლიის პორტი აშენდეს.

„ფოთის პორტში მშენებლობის ნებართვის დეტალებზე მე გამიჭირდება გიპასუხოთ, სჯობს, ეკონომიკის სამინისტროს მიმართოთ. შემიძლია გითხრათ, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის არის მნიშვნელოვანი პროექტი და ყველანაირად ხდება ხელშეწყობა, რომ ორგანიზაციამ შეძლოს პროექტის განხორციელება, მათ შორის, გადავადების კუთხით, კონტრაქტის პირობების შემსუბუქებით თუ სხვადასხვა ნაბიჯებით და ქმედებებით იმიტომ, რომ ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, საბოლოო ჯამში, ეს პორტი მივიღოთ და აშენდეს.

არ მგონია, რომ ფოთის პორტი უნდა გავანადგუროთ იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი ავაშენოთ. ​მგონი, ეს საკითხი ასე არ უნდა დავაყენოთ. ვიღაცები ასე აყენებენ საკითხს, რადგან მათ პოლიტიკურად აწყობთ, მაგრამ მე, თქვენ და მოქალაქეებმა ასე არ უნდა შევხედოთ. ჩვენ გვჭირდება ფოთის პორტი, გვჭირდება მისი განვითარება და გვჭირდება ანაკლიის პორტის აშენებაც. ამ ორ პორტს თუ არ დავაპირისპირებთ და ერთმანეთს არ შევაჯახებთ, კარგი იქნება. ორივე პორტი რომ გვჭირდება და ორივეს განვითარებაზე რომ უნდა ვიზრუნოთ, ფაქტია”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები