თამარ ჩუგოშვილი: პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული აქციის მონაწილეთა დასაცავად

“ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა. როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. ამასთან, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიიჩნევს, რომ პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული აქციის მონაწილეთა დასაცავად.
“ვფიქრობ, გუშინ ძალიან კარგად იმუშავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მათი მთავარი ფუნქცია რაც იყო, ორი ჯგუფის ერთმანეთისგან იზოლირება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და გამოხატვის თავისუფლება, შეკრების და მანიფესტაციის უფლების რეალიზაცია მომხდარიყო, ვფიქრობ, ამისთვის მათ მაქსიმუმი გააკეთეს. მათ მოუწიათ ძალიან ბევრი პირის დაკავება კონტრაქციიდან. როგორც ვიცი, ათეულობით ადამიანი განარიდეს, ადამიანები, რომლებიც სამართალდარღვევას სჩადიოდნენ ან აგრესიულად იქცეოდნენ, ცდილობდნენ მაქსიმალურად განერიდებინათ.
ზოგადად, სამწუხაროა იმის ყურება, რომ ასეთი დაპირისპირების საგანი ხდება ესა თუ ის თემა. ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ ჯგუფს კონსტიტუციით აქვს გარანტირებული უფლება, რომ გამოხატოს თავისი აზრი, მშვიდობიანად შეიკრიბოს. ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ამ უფლების რეალიზაცია მოახდინოს. ვფიქრობ, პოლიცია მაქსიმალურად იყო მობილიზებული მათ დასაცავად. ეს არის, რაც მე გუშინ ვიხილე.
ორგანიზატორებს კიდევ ექნებათ კომუნიკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვიცი, რომ კიდევ გეგმავენ შეხვედრებს. სახელმწიფოს გადმოსახედიდან, რა თქმა უნდა, უმთავრესი ინტერესია, ნებისმიერი პირის ინტერესების დაცვა, მათ შორის, ორგანიზატორების დაცვა სადავო ვერ იქნება. დაზიანება არ მიიღონ და იყვნენ უსაფრთხოდ. შემდეგ უკვე პრიორიტეტი არის ნებისმიერი პირის გამოხატვის უფლების დაცვა. მნიშვნელოვნია, ორგანიზატორებს თანამშრომლობა ჰქონდეთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. როცა ასეთ თემებზეა საუბარი, სპონტანური მოქმედებებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვხედავთ არსებობენ აგრესიულად განწყობილი ჯგუფები, შესაბამისად, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, პირველ რიგში, უსაფრთხოება, შემდგომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული”,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები