შსს-ს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისიამ დადებითად შეაფასა

0

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალური სამდივნოს შემფასებელთა მისია ეწვია. დელეგაციას სამდივნოს ევროპის სუბდირექტორატის უფროსი – მათეუშ ვალზაკი ხელმძღვანელობდა.
ვიზიტის ფარგლებში, შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან შეხვედრა გამართეს, სადაც ეროვნული ცენტრალური ბიუროს მუშაობა შეაფასეს და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის საკითხებზე ისაუბრეს.
ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსთან, გიორგი მეზვრიშვილთან ერთად, მომსახურების სააგენტოს ეწვივნენ, სადაც ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მონაცემთა ბაზების საქართველოს შესაბამის უწყებებში ადაპტაციის პროცესს გაეცნენ. სტუმრებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარფის, ფოთის პორტის და სადახლოს რკინიგზის საკონტროლო გამშვები პუნქტებიც მოინახულეს.

გაცნობითი შეხვედრა გაიმართა საექსპეტრო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში. შემფასებელთა მისიის წევრებმა დეპარტამენტის ლაბორატორიები და სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი ავტომობილები დაათვალიერეს.

ვიზიტის დასასრულს, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლებმა პირველადი შეფასებები გააკეთეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თბილისის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო დადგენილ სტანდარტებს შეესაბამება. მეტიც, საქართველოში დანერგილია საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკა, რასაც სხვა ქვეყნების ეროვნულ ცენტრალურ ბიუროებს გაუზიარებენ.

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნო, წევრი ქვეყნების ეროვნული ცენტრალური ბიუროების მუშაობის შეფასების მიზნით, ვიზიტებს (ე.წ. Revitalization Visit) სისტემატურად ახორციელებს. თითოეული ეროვნული ცენტრალური ბიურო 6 წელიწადში ერთხელ ფასდება. საქართველოში მსგავსი ვიზიტი 2012 წლის დეკემბერში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი