“შს სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა”

“შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრესი ამოცანაა საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა”, – ამის შესახებ ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც შს სამინისტრო გუშინ მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას ეხმაურება.
„სამინისტრო იცავდა და დაიცავს თითოეული ადამიანის როგორც შეკრების, ისე გამოხატვის თავისუფლებას, მათი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური მრწამსის, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ნიშნის მიუხედავად, თუ გამოხატვის თავისუფლება არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. სამინისტრო დეტალურად სწავლობს აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი თითოეული ინციდენტის ამსახველ შესაბამის ვიდეომასალას, რომელსაც უმოკლეს ვადებში მიეცემა სამართლებრივი შეფასება.
აქვე გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და მათი ეფექტიანი გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. მიუღებელია ამ მოტივით ძალადობა და ძალადობის მუქარა. თითოეულ ფაქტზე სამინისტრო ახდენდა და მომავალშიც მოახდენს სათანადო რეაგირებას. სამართალდარღვევის ყველა ფაქტი იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი.
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს მოქალაქეებს, შეკრებისას დაიცვან კანონის მოთხოვნები,. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები