მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე დაკავებულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

ამ დროისთვის მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციაზე სულ 8 პირია დაკავებული. ამის შესახებ ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

,,საპატრულო პოლიციამ მთავრობის კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 1 მოქალაქე დააკავა, რომელიც ასევე კონტრაქციის მონაწილეა. აღნიშნული პირი, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ აქციის წევრებს, რომლებსაც ასევე ესროლა კვერცხები.

სამართალდამცველების მოთხოვნის მიუხედავად დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, იგი არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173- ე მუხლით (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა) პოლიციამ ის ადგილზე დააკავა.

დღეს, კანცელარიასთან მიმდინარე აქციის დროს, პოლიციამ სულ 8 პირი დააკავა. ყველა დაკავებული გადაყვანილი არის პოლიციის განყოფილებაში და მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები,”- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც პარალელურად ორი აქცია იმართება, რამდენიმე ადამიანი რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. დღეს საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის ხელის შეშლა იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები