პრემიერმა დალასის Capital Factory-ის წარმომადგენლები საქართველოში სტარტაპებისა და ინოვაციების განვითარების კუთხით არსებული შესაძლებლობების შესასწავლად მიიწვია

0

პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე მრგვალი მაგიდის მონაწილეებს დალასის Capital Factory-ში, რომელიც ტეხასის შტატში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია, საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და დამწყები ბიზნესის განვითარებაზე ესაუბრა .

მთავრობის მეთაურმა მათ სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე ინფორმაცია მიაწოდა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით ქვეყანაში არსებულ პოტენციალზე ისაუბრა.

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციებისა და სტარტაპების განვითარებას და ამ სფეროში წარმატებული გამოცდილების გაზიარებას მიესალმება.

პრემიერ-მინისტრმა Capital Factory-ის წარმომადგენლები და შეხვედრაზე მყოფი მეწარმეები საქართველოში მიიწვია, რათა ისინი უშუალოდ გაეცნონ არსებულ გარემოს და დაიწყოს მუშაობა თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე.

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, საქართველოს აქვს პოტენციალი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისევე, როგორც დამწყები ბიზნესის განვითარების კუთხით ხელშესახებ შედეგებს მიაღწიოს.

“ჩემში აღტაცებას იწვევს ის ინიციატივები, რომელსაც მთავრობის მეთაური ახორციელებს საქართველოში, რათა ხელი შეეწყოს მეწარმეობას, ინოვაციებს და მენტალური ცვლილებაც მოხდეს, რადგან ეს ყველაფერი ხალხის კეთილდღეობას დაეტყობა. შეხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მზად ვარ, დავეხმარო საქართველოს ყველა იმ რესურსით, რაც გამაჩნია”, – განაცხადა Hypergiant-ის თანადამფუძნებელმა და სტრატეგიულმა დირექტორმა დეივ ქაპსმა.

ტეხასის შტატი სტარტაპების რაოდენობის მიხედვით პირველ ადგილზეა. Capital Factory-ი, რომელიც ტეხასში მოქმედი მეწარმეების გრავიტაციის უმსხვილესი ცენტრია, 100 000-ზე მეტ მეწარმეს აერთიანებს, ასევე მუშაობს კადრების გადამზადების და დამწყები ბიზნესისთვის პირველი ინვესტორების მოძიების მიმართულებით და მეწარმეებს, პოტენციურ თანამშრომლებს, მენტორებსა და მომხმარებლებს ერთმანეთთან აკავშირებს.

კომენტარები

კომენტარი