„ის მონაცემები, რაც იყო 2012 წლამდე და შემდეგ, არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად შეიცვალა და გაუმჯობესდა მდგომარეობა საქართველოში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით”

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებების მიერ პარლამენტისათვის წარმოდგენილი ანგარიშები განიხილა. 49-ე მუხლის თანახმად, საჯარო ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისამებრ უნდა მიეწოდოს პირს, რომელიც ამ ინფორმაციას ითხოვს.
„ეს არის ე. წ. ათი დეკემბრის ანგარიში, რომელსაც გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. დღეს პარლამენტის ისტორიაში არის პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ანგარიშის მოსმენა ხდება და, ვფიქრობ, ეს იქნება დასაბამი ძალიან კარგი პრაქტიკის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, როგორ ხდება საჯარო ინფორმაციის გაცემა”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
მისი ინფორმაციით, 2018 წლის 10 დეკემბრიდან საჯარო დაწესებულებებში შევიდა 85 327 მოთხოვნა, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით – 102 განცხადება. განცხადებების 64%-ის შემთხვევაში მოთხოვნა დაკმაყოფილდა, 1% გადამისამართდა სხვა უწყებაში, ხოლო 36% შემთხვევაში მიღებული იქნა გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე. გასაჩივრდა 48 გადაწყვეტილება. დარღვევებზე რეაგირების თვალსაზრისით, დისციპლინური სასჯელი დაეკისრა 82 მოხელეს.
კომიტეტმა შეაჯამა და გააანალიზა, თუ როგორ ხდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების მიერ დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რა შემთხვევებში ხდება უარის თქმა, რა არის უარის თქმის საფუძველი, რამდენად მოწესრიგებულია ქვეყანაში საჯარო ინფორმაციის გაცემა. როგორც სოფო კილაძემ აღნიშნა, ძირითადად, უარის თქმის საფუძველი იყო პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია. მისი თქმით, ხარვეზების აღმოსაფხვრელად კომიტეტი გასცემს რეკომენდაციებს, ინფორმაციის სრულყოფილად აღრიცხვისა და მოწოდების შესახებ. სოფო კილაძის განცხადებით, ყველა საჯარო დაწესებულებებმა უფრო პროაქტიულად იმუშაონ.
კომიტეტმა მოისმინა და გაიხილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიშები , რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ლორთქიფანიძემ წარმოადგინა. „2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ჩვენი ამოცანა იყო ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრების შემცირება, გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის მიზნით ეფექტური ღონისძიებების გატარება. სტატისტიკა აჩვენებს,რომ იყო საჩივართა მკვეთრი კლების ტენდენცია”, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი ინფორმაციით, 2011 წელს წარდგენილი იყო 395 საჩივარი, 2012 წელს – 367, ხოლო 2018 წელს – მხოლოდ 99 საჩივარი.
„ეს სტატისტიკა მეტყველებს, რომ საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, ასევე ადასტურებს, რომ უფრო გაიზარდა ადამიანების ნდობა ადგილობრივი ინსტიტუტების მიმართ, რადგან მათ ნაკლებად უწევთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივრების წარდგენა”, – აღნიშნა გოჩა ლორთქიფანიძემ. ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აღნიშნა, ის ისურვებდა, რომ საერთოდ არ იყოს არცერთი საჩივარი საქართველოდან წასული ევროპულ სასამართლოში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. „იდეალური სიტუაცია არ გვაქვს, თუმცა ის მონაცემები, რაც იყო 2012 წლამდე და შემდეგ, არის ნათელი დადასტურება იმისა, თუ რამდენად შეიცვალა მდგომარეობა საქართველოში განსაკუთრებით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების კუთხით”, – განაცხადა სოფო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები