საპატრიარქოს საგანგებო განცხადება -თბილისში გეი-პრაიდის ჩატარება ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია

0
18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია, – ამის შესახელ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“როგორც ცნობილი გახდა, ა.წ. 18-23 ივნისს სურთ ამიერკავკასიაში პირველად ჩაატარონ ე.წ. გეი-პრაიდი თბილისში, რაც ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია.
ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.
ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.
სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.
როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.
 ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.
ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი